უკრაინული მედია ავრცელებს რუსი ოკუპანტის ვიდეოს, რომელშიც დამპყრობელი ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის პირველი ხაზი უკვე გაარღვიეს.
როგორც მედია იუწყება, რუსები ხერსონში უკრაინელების ძლიერი ზეწოლის გამო ბრძოლის ველიდან გარბიან.
“საუბარია ეგრეთ წოდებული „დპრ“-ის 109-ე პოლკზე, რომელმაც პოზიციები დატოვა, ასევე რუს მედესანტეებზე, რომლებიც მათ დაცვას წარმოადგენდნენ, მაგრამ ბრძოლის ველიდან გაიქცნენ. გავრცელებულ ვიდეოზე ერთ-ერთი დამპყრობელი ჩივის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის პირველი ხაზი უკვე გაარღვიეს და რუსულ პოზიციებს ტანკებიდან, საარტილერიოდან და ავიაციისგან ბომბავენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც მედია იუწყება, ხერსონში საკმაოდ მძიმე ვითარებაა.
„ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად მძიმეა. HIMARS-მა გაანადგურა თითქმის ყველა ძირითადი ხიდი (ანტონოვსკის რკინიგზა, საავტომობილო და ნოვოკახოვსკი). დარჩა მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები. რუსეთის არმიას რესურსების მიწოდება შეუწყდა. ისინი იარაღს ყირიმის ტერიტორიიდან იღებენ. უკრაინისთვის ეს ბრწყინვალე შანსია დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები“, – ნათქვამია ტექსტში.
მათ ასევე გამოაქვეყნეს რუკა, რომელზეც ასახულია ზუსტად როგორ მოახერხეს მტრის ლოგისტიკის ჩაშლა.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.