სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი ადვოკატი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ინიციატივით ჰყავდა დანიშნული. გოგაშვილის თქმით, ეს იყო დიმიტრი მჭედლიშვილი, რომელიც მასთან რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდა, შემდეგ კი აღარ გამოჩენილა.
როგორც გოგაშვილი Facebook-ზე გავრცელებულ ახალ პოსტში ამბობს, გომელაურმა სატელეფონო საუბრისას შესთავაზა, მისთვის სანდო პირის საშუალებით ჰქონოდათ შემდგომი კომუნიკაციები, რადგან მისივე თქმით, გომელაური თვლიდა, რომ ტელეფონით საუბრები რისკის შემცველი იყო.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩემს უფლებებს იცავს ორი ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე და დიმიტრი ღონღაძე. ისინი მე დამაკავშირეს ჩემმა მეგობრებმა, რომელსაც ბუნებრივია, ვენდობი. ადვოკატებს ჩემთან და ჩემს ოჯახის წევრებთან აქვთ თითქმის 24-საათიანი კომუნიკაცია, ყოველდღიურ რეჟიმში. ისინი ახდენენ მტკიცებულებათა შეგროვებას და აქვთ კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან და მედიასაშუალებებთან. მოკლედ, მათ ორივეს, საზოგადოება ახლა უკვე იცნობს, როგორც ჩემს უფლებადამცველებს, თუმცა, მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მე მყავდა კიდევ მე-3 ადვოკატი, რომელიც რამოდენიმე დღე “იცავდა ჩემს უფლებებს“ – ეს გახლავთ დიმიტრი მჭედლიშვილი, რომელიც გაქრა. ახლა მოგიყვებით მის შესახებ: როდესაც მე მეოთხეჯერ ვესაუბრე ციხიდან ვახტანგ გომელაურს და დავუფიქსირე ჩემი მოთხოვნა, ეს იყო ბოლო ზარი, სადაც მან მითხრა, რომ ტელეფონით საუბარი რისკს შეიცავდა მისთვის, რადგან რიგით ბადრაგებს არ ენდობოდნენ და შეიძლება ინფორმაცია გაჟონილიყო, ამიტომ შემომთავაზა, რომ კომუნიკაცია მოხდებოდა მათთვის სანდო პირის (ადვოკატი) საშუალებით, რომლის საკონტაქტო ინფორმაციასაც გადმომცემდა მე-12 დაწესებულების დირექტორის მოადგილე, ხარიტონაშვილი. მჭედლიშვილი გამეცნო, მითხრა, რომ იგი ადრე მუშაობდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, ის ქალაქგარეთ იმყოფებოდა, როცა დაურეკეს პროკურატურიდან და უთხრეს, რომ ჩამოსულიყო. მან ასევე მითხრა, რომ ჩემთვის კარგად ნაცნობი იყო თუ როგორ მუშაობდა სისტემა. ჩემთვის სჯობდა, რომ დავთანხმებულიყავი მათ შემოთავაზებას და თან დასძინა, რომ ხომ ნახე FBI ტრამპის სახლში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარესო. მე შიკრიკი უხეშად გავაჩერე და ვუთხარი, რომ არც მე არ ვიყავი ტრამპი და არც სუსი არის FBI, სჯობდა რაც დააბარეს ის ეთქვა ჩემთვის. მან მითხრა, რომ მათი მოთხოვნა იყო, პირველ რიგში აფგან მუხთარლიზე უნდა მეთქვა, რომ მის შესახებ აღელვებულმა დავწერე ის სტატუსი და დამატებით ინფორმაციას არ ვფლობდი აღნიშნულის შესახებ, გარდა ოფიციალურად გავრცელებული ცნობებისა. რაც შეეხება არჩევნების გაყალბების თემას, ამაზე ჯერ ჩამოყალიბებულები არ იყვნენ და მოგვიანებით მეტყოდნენ რა ჩვენება უნდა მიმეცა. მე მას ვუთხარი, რომ გადაეცა ყველასთვის, რომ ჩემი პირობა იყო, ჩემი დაზარალებულად ცნობა, გაყალბებულ საქმეში გამართლება და ნამდვილი დამნაშავეების დასჯა. ამის შემდეგ მე მჭედლიშვილი აღარ მინახავს,“ – აცხადებს სოსო გოგაშვილი.