„მივმართავ ფორმალურ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ასევე მის უფროსს -ივანიშვილს, რომ სხვა ყველა მცდარ და ჩვენი ხალხისთვის საზიანო გადაწყვეტილებებთან ერთად, ამ გადაწყვეტილებაზეც პასუხისმგებლობა აიღონ და ქვეყნის სადავეებს შეეშვან“ – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა” გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი ეს განცხადება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისების 4 თვის განმავლობაში გაუქმებას შეეხება.
„მოგეხსენებათ, რომ თბილისის აეროპორტი არამხოლოდ მნიშვნელოვანი სატრანსპორტი კვანძი, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი კარიბჭე და ვიზიტორთა შემოდინების ერთ-ერთი წყაროა. ფაქტობრივად, სათხილამურო სეზონის პიკზე აეროპორტის სანახევროდ პარალიზება, უარყოფითად აისახება და ზიანს მიაყენებს ვიზიტორთა შემოდინებას ჩვენს ქვეყანაში, რაც კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას და ლარის გაცვლით კურსს“ – აღნიშნა კანდელაკმა.
ის აეროპორტში დღეს არსებული კრიზისული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს დაწყებული ასაფრენ-დასაფრენ ზოლის მშენებლობა მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააუქმა.
„2014 წლის 4 სექტემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიწყო თბილისის აეროპორტში ახალი ასაფერენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, რომელიც უნდა დასრულებულიყო ერთ წელიწადში, ეს იყო საბჭოთა დროინდელი, დღეს უმოქმედო ზოლის ადგილას. ახალმა მთავრობამ და მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა კვირიკაშვილმა აეროპორტის ოპერატორულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება ამ ზოლის მშენებლობის შესახებ გააუქმა და თქვა, რომ თავად მთავრობა ააშენებდა ახალ ასაფრენ ზოლს, რადგან ამჟამინდელი ზოლი ამორტიზებულ მდგომარეობაშია. სწორედ ამიტომ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ამ ზოლის შეკეთების გადაუდებელი აუცილებლობის საკითხი დადგა. ცხადია, მთავრობამ თითი არ დააკარა, არაფერი გააკეთა და დღეს უკვე შეიქმნა კრიზისული ვითარება და აუცილებელი გახდა აეროპორტის სანახევროდ დაკეტვა“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ პირველი მარტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისები 4 თვის განმავლობაში გაუქმდება. აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იწყება აეროპორტის ინფრასტრუქტურის, მათ შორის არაფრენი ბილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 4 თვეს გასტანს.