[su_quote]რამდენიმე შუალედური დასკვნა რუსეთ-უკრაინის ომის 6 თვის თავზე:
– რუსეთის გეგმა, აღადგინოს საბჭოთა კავშირი, კრახს განიცდის;
– უკრაინა გადარჩა და ის არის მთავარი დაბრკოლება საბჭოთა კავშირის აღდგენის საქმეში;
– დაიმსხვრა მითი რუსული არმიისა და პუტინის უძლეველობის შესახებ;
– დასავლეთი გამოფხიზლდა და ერთიანია ისე, როგორც არასდროს;
– დასავლეთში აღარ ეშინიათ პუტინის;
– დასავლეთი მზადაა რუსეთის შესაჩერებლად გაიღოს მსხვერპლი (ეკონომიკური სანქციები, უკრაინის დახმარება და ა.შ.
– რუსეთის ნების საწინააღმდეგოდ ფართოვდება ნატო (ფინეთი+შვედეთი) და ეს პროცესი გაგრძელდება;
– რუსეთი საერთაშორისო არენაზე მარტოა დარჩენილი;
– რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს და მისი შედეგები გრძელვადიანი იქნება;
– ამ ეტაპზე რუსეთს წარუმატებლობის ფონზე სურს ტაიმ-აუტის აღება (დროებითი ზავი), რათა უკეთ მოემზადოს და ახალი ძალებით შეუტიოს უკრაინას. მაგრამ კიევი არ თანხმდება ამას;
– ომში მთავარია პოლიტიკური ნება, რაც აჩვენა უკრაინამ და არა ჯარის რაოდენობა;
– ბრძოლა მხოლოდ თოფის სროლა არაა და მნიშვნელოვანია აქტიურობა საერთაშორისო არენაზე;
– რუსეთთან ფლირტი საშიშია (ჩემი თუ არ გჯერათ, ბიძინას ადვოკატებს ჰკითხეთ);
– “იიი, ომი სხვაგანაა და ჩვენ არ გვეხება” იდიოტობაა, გეოგრაფიულ მდებარეობას ვერ შეცვლი, ვერსად დაიმალები (ისევ შეგიძლიათ ჰკითხოთ ბიძინას ადვოკატებს);
– დასავლეთის გამოფხიზლების ფონზე შეგიძლია მიიღო უახლესი შეიარაღება, მაგრამ ამისთვის ადეკვატური ხელისუფლება გჭირდება;
– მთელ მსოფლიოში (და მათ შორის, საქართველოშიც) მოხდა თვითლუსტრაცია და გამომჟღავნდა რუსეთის ბევრი აგენტი, რომლებიც ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება უბრალოდ დაიჭერდა;
– მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 24 თებერვლამდე.
მომავალში საჭირო იქნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა, როგორც ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია და დიდი ალბათობით, მისი დეტალები ომის დასრულების შემდეგ განიხილება).
და ყველაზე მთავარი – უკრაინამ კიდევ ერთხელ აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი (დანარჩენი ყველაფერი მაინც მეორეხარისხოვანია)!.[/su_quote]
აღნიშნულის შესახებ “რონდელის ფონდის” მკვლევარი, ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.