მწვანეთა პარტიის დამფუძნებელი, გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ბორჯომში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის მასივების აღდგენა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს, რადგან თავიდან იქნას აცილებული ეროზიული პროცესები და ნიადაგის ჩამორეცხვა.
“ძალიან სამწუხარო ამბავია. ასეთი დიდი ტრაგედია ბორჯომის ხეობაში დიდი ხანია არ მომხდარა, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, როცა ომის პერიოდში 1000 ჰექტარამდე ტყე დაიწვა. ახლა კი მეორე ასეთი მძიმე შემთხვევა არის. ჩვენ არ ვიცით ახლა რა მასშტაბია, რამხელაზე გავრცელდება ეს ამბავი, თუმცა, ძალიან სამწუხაროა, რომ ორივე – ფოთლოვანიც და წიწვოვანი ნარგავებიც ნადგურდება. რა თქმა უნდა, მათი აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ ძალიან დიდ ხარჯებთან და სამუშაოებთან არის დაკავშირებული და რთულია, რადგან ციცაბო ფერდობებზეა ეს ყველაფერი განადგურებული. სასწრაფოდ უნდა მოხდეს აღდგენა იმიტომ, რომ ეროზიები წავა ამ ციცაბო ფერდობებზე, ნიადაგები ჩამოირეცხება, რადგან ტყის საფარი ვეღარ გაამაგრებს და როდესაც მოშიშვლებულია ტერიტორია, იქ ნიადაგი ირეცხება და ბუნებრივია, მერე აღდგენა ძალიან რთულია. მაგალითად ომის დროს, როდესაც დაიწვა ბორჯომის ხეობაში დაახლოებით 1000 ჰექტარამდე, მაშინ, აღდგენის პროცესი დაიწყო 2018 წლიდან და დღემდე გრძელდება და რთული პროცესია ძალიან”, – აცხადებს გაჩეჩილაძე.
ამავე თემაზე: “ვინმემ გვიშველოს” – ბორჯომის მოსახლეობა შველას ითხოვს