ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: უზენაესი კანონის დაცვა ქვეყნის წინსვლის უმთავრესი პირობაა

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისალოცი მიმართვა გაავრცელა.

“გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ქვეყნის უმთავრესი სახელმწიფოებრივი დოკუმენტი – საქართველოს კონსტიტუცია.

უზენაესი კანონი, რომელიც ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციას – თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ სამართლებრივ დოკუმენტს ეფუძნება, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ყოველმხრივი განვითარების საფუძვლებს ქმნის. იგი ასახავს საზოგადოების შეთანხმებას ფუნდამენტურ ფასეულობებზე, ხალხის საერთო მიზნებსა და მისწრაფებებს; ამკვიდრებს და იცავს კანონის უზენაესობას, თითოეული ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს; განსაზღვრავს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ცხოვრების მიმართულებებს; კონსტიტუცია ქართველი ხალხის უმთავრესი დასაყრდენია ევროპული სახელმწიფოს შენების პროცესში.

უზენაესი კანონის განუხრელი ერთგულება და დაცვა სამოქალაქო ერთობის, მშვიდობის, კეთილდღეობის, ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის უმთავრესი პირობაა”, – ნათქვამია მიმართვაში.

იტვირთბა....