„მე რომ ვიყო ასპირანტი ქვეყნიდან, ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ნატო-ში შესვლა და არა MAP-ის მიღება“- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის ეკუთვნის.
მისი თქმით, MAP-ი როგორც წევრობის სამოქმედო გეგმა, შეიქმნა, როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტი, მას არ უნდა ჰქონოდა ასეთი პოლიტიკური მნიშვნელობა, როგორიც ახლა აქვს.
“იმის თქმით, რომ MAP ისევ საჭიროა, ხაზს ვუსვამთ მის პოლიტიკურ ხასიათს. ეს არის რეალობა, მოგვწონს ეს თუ არა. ვფიქრობ ყურადღება უნდა გამახვილდეს პირველ ნაწილზე – პრაქტიკულ მექანიზმებზე და არ მოხდეს ფოკუსირება პოლიტიკურ ასპექტზე – წევრობის სამოქმედო გეგმაზე. MAP-ის საკითხზე თანხმობა ჯერ არ არის და გულახდილად რომ ვთქვათ, ეს არის ის, რისი გაკონტროლებაც ძნელად თუ შეგვიძლია. რასაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ეს არის პრაქტიკული იმპლემენტაცია. რა უნდა გავაკეთოთ ერთად? უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრაქტიკული მომზადების კუთხით ყველა ცარიელი ადგილი შევავსეთ და მოვა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროც. მე ვფიქრობ, პროცესს დააზიანებს თუ ყველა პოლიტიკურ შეხვედრაზე MAP-ი დასახელდება მიზნად. ვფიქრობ, ეს ქმნის იმედგაცრუებას.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი პროცესში ოპოზიციის როლზეც საუბრობს და ფიქრობს, რომ ეს არის როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობა.
“თუ მთავრობას ყურადღება გამახვილებული აქვს იმპლემენტაციაზე, რომელი მთავრობაც არ უნდა იყოს ის, ოპოზიცია ჩემი აზრით უნდა დაფიქრდეს რამდენად სასარგებლოა პროცესისთვის მთავრობას მოსთხოვონ MAP-ი და მერე განაცხადონ, რომ ხელისუფლებამ წარმატებას ვერ მიაღწია, ვინაიდან მათ ვერ მიიღეს MAP-ი. MAP-ი, რომელიც ვერ მიიღო ვერავინ და რომლის მიღებაც ახლა შეუძლებელია. მესმის შიდა პოლიტიკა და არ მინდა ამაში ძალიან ჩავერიო, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნება აქცენტი იმპლემენტაციაზე გააკეთოს, რადგან MAP-ის მიღება ახლა ვერ მოხდება. არ უნდა ვუყუროთ ამ საკითხს ბრმად და რატომ უნდა ვაქციოთ პოლიტიკურ ფეხბურთად”, – განაცხადა აპატურაიმ.