ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ზახაროვა: უკრაინა გუტერეშის ვიზიტის დროს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე პროვოკაციას ამზადებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ უკრაინა გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის უკრაინაში ვიზიტის დროს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას ამზადებს და ბირთვულ შანტაჟს აწყობს.

“ეს არ არის მხოლოდ პროვოკაცია, ეს არის ის, რასაც ჩვენ ბირთვულ შანტაჟად ვაფასებთ და კიდევ რა არის ეს, თუ არა დიდი ხნის პროვოკაცია ბირთვული ობიექტის გარშემო, პირდაპირი საფრთხე ბირთვული ენერგიისთვის. ეს, რა თქმა უნდა, ბირთვული შანტაჟის აქტია. ჩვენ ვსაუბრობთ ბირთვულ ენერგიაზე, ევროპის მთელი კონტინენტი მძევლად არის აყვანილი, რადგან ეს ყველაფერი ევროპის გულში ხდება”, – აცხადებს ზახაროვა.

რუსული მხარე უარყოფს ინფორმაციას, რომ ატომური ელექტროსადგურსა და მის გარშემო მძიმე იარაღი აქვთ განთავსებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ობიექტის დაბომბვაში თავად უკრაინას ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ თუ უკრაინის მხრიდან “ობიექტის დაბომბვა” გაგრძელდება,  ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა დაიხუროს.

ცნობისთვის, ლვოვში გაეროს გენერალური მდივანი და თურქეთის პრეზიდენტი იმყოფებიან უკრაინის პირველ პირთან, ვოლოდიმერ ზელენსკისთან შესახვედრად. ძირითად განსახილველ საკითხებს შორის არის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარება.

იტვირთბა....