საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას 2022 წელსაც გააგრძელებს.
მისივე თქმით, სუბსიდირება ბიუჯეტს ჯამში 150 მილიონი ლარი დაუჯდება და 1 კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება.
“წელსაც, რა თქმა უნდა, მოვახდენთ სუბსიდირებას.1 კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი იქნება მინიმუმ 90 თეთრი, არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი და სახელმწიფო მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს ჩვენს მევენახეებს.
პროცესში ჩაერთვება 300-მდე ღვინის კომპანია. უკვე გვქონდა მათთან კარგი შეხვედრები, გვაქვს სრული კოორდინაცია, შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს და წელს ველოდებით რეკორდულ მოსავალს, დაახლოებით, 300 ათას ტონა მოსავალს და ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. ყველა გამოწვევის, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, წელსაც, რა თქმა უნდა, გაგრძელდება სუბსიდირება.
ჯამურად, მთავრობას სუბსიდირება დაუჯდება 150 მილიონი ლარი. ვინაიდან ეს არის სტრატეგიული დარგი და ჩვენი ქვეყანა არის მეღვინეობის აკვანი და დადასტურებულია, რომ სწორედ ჩვენგან დაიწყო მეღვინეობა, ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია სწორი ჩარევა და სწორი დახმარება ჩვენი მევენახეებისთვის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.