დროებით ოკუპირებული დონეცკის ცენტრში აფეთქებები იყო. არსებული ინფორმაციით, დაიბომბა სასტუმრო “დონბასი პალასი” და ადგილობრივი დრამატული თეატრის შენობა, სადაც ე.წ. დონბასის რესპუბლიკის სახალხო მილიციის საარტილერიო განყოფილების მეთაურის, ოლგა კაჩურუს პანაშვიდი მიმდინარეობდა – ქვეყნის მოღალატე რამდენიმე დღის წინ უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პანაშვიდზე მომხდარ აფეთქებას რვა ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი ემსხვერპლა, ხუთი პირი კი დაიჭრა.
როგორც რუსული სახელისუფლებო გამოცემა ТАСС ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მისიაზე დაყრდნობით წერს, მომხდარის უკან უკრაინელი სამხედროები დგანან, რომლებმაც მათი მტკიცებით, თეატრი, სასტუმრო, კაფე და მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლები დაბომბეს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში კი აცხადებენ, რომ რუსებმა თავად შეუტიეს იმ ადგილს, სადაც ოლგა კაჩურუს პანაშვიდი მიმდინარეობდა.
“დონეცკს მხოლოდ თვითონ რუსები, ანაც, არაღიარებული კრიმინალური რესპუბლიკების სახალხო მილიციის კორპუსები ურტყამენ. ამიტომ, ჩვენი მხრიდან აზრსმოკლებულია დონბასში, რაიმე პროცესების დროს დარტყმების მიტანა”, – აცხადებს პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.