საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სააკაშვილს დიდი წონა აქვს დაკარგული და “არაადამიანური თეთრი ფერი” ადევს.
“ექიმი არ ვარ და დიაგნოსტიკურად ვერაფერზე ვისაუბრებ, მაგრამ ვიზუალურად არც მისი მდგომარეობა მომეწონა და არც მოქმედება. წოლით რეჟიმშია, ვერ ადგა, ან არ ადგა, ყოველ შემთხვევაში, ეს ვერ შეძლო. დიდი წონა აქვს დაკარგული. არაადამიანური თეთრი ფერი აქვს. მისი გამოხედვა აღარ არის ცეცხლოვანი, აქტიური კაცის გამოხედვა. რა თქმა უნდა, საღ გონებაზეა, არანაირი ცვლილება არ არის, მაგრამ მისი მოჭარბებული ენერგია თითქმის არ შეინიშნება. ვისაც ახსოვს როგორი იყო სააკაშვილი, დღევანდელი მდგომარეობით შეიძლება თქვას, რომ მხოლოდ აჩრდილია დარჩენილი იმისაგან, რაც ჩვენ ვიცოდით”, – განაცხადა გელბახიანმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ და აღნიშნა, რომ პროცესი, რომელიც მის მკურნალობას უკავშირდება, ჯერჯერობით გამოჯანმრთელების მიმართულებით არ მიდის.