თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იპოდრომზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობისთვის ყველა ხარჯს თავის თავზე ბიძინა ივანიშვილი იღებს. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
“არსებული სივრცე, რომელიც იყო კერძო საკუთრება და ამას ფლობდა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, იცით, რომ მუნიციპალიტეტს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმების შედეგად გადმოეცა საჩუქრად და აქ მოეწყობა ძალიან მაგარი ცენტრალური პარკი. მე მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას, რადგან საზოგადოებამ ვერ გაიგო, ბევრმა შეიძლება ძალიან კარგად გაიგო, მაგრამ ცდილობს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში – საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლნენ მხოლოდ იმით, რომ ეს სივრცე მუნიციპალიტერზე საჩუქრად გადმოეცათ, მთლიანად სამუშაოები, რაც იქნება ჩასატარებელი, გამწვანების, მოწესრიგების, რეაბილიტაცია, მთლიანად ყველაფერი, რაც კი საჭიროა იმისთვის, რომ მივიღოთ ძალიან მაგარი რეკრეაციული მწვანე სივრცე, ეს ადამიანი ყველა ხარჯს იღებს თავის თავზე. მუნიციპალიტეტს არ ექნება დასახარჯი არც ერთი თეთრი. პროექტი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დაფინანსებით, რისთვისაც მათ, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო”, – აცხადებს კალაძე.