ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა სამართალი

“სისტემის ჩიხი და სასამართლოს კრახი” – წულუკიანის ექს-მოადგილე თითს იუსტიციის სამინისტროსკენ იშვერს

მეტრონომის ექსკლუზიური ინტერვიუ იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილე, დავით ჯანდიერთან

სასამართლო სისტემის რეფორმის საჭიროება მთელი სიმწვავით მას შემდეგ დადგა საზოგადოების წინაშე, რაც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ლევან მურუსიძე დაინიშნა. ამას მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ურთიეთბრალდებების ჩვეული კასკადი. ამასთან, მოსამართლეების თემა კიდევ უფრო საინტერესო გახდა საზოგადოებისთვის, მას შემდეგ, რაც მოსამართლეების გარკვეულმა ნაწილმა მხარი დაუჭირა მურუსიძეს და “კოლექტიურ მურუსიძეებად” გამოაცხადეს თავი.

“მეტრონომი” იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს დავით ჯანდიერს ესაუბრა. ჯანდიერი, რომელიც 2012 წელს მოვიდა იუსტიციის სამინისტროში, დღეს აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა დაპაუზებულია.

“მეტრონომი”: როგორ აფასებთ სასამართლო სისტემაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს? ვგულისხმობ, ლევან მურუსიძის სააპელაციო მოსამართლედ დანიშვნას.

დავით ჯანდიერი: “სასამართლო სისტემაში არის სერიოზული პრობლემები. ამ პრობლემებმა განსაკუთრებით ბოლო დროს იჩინა თავი, რომელიც უკავშირდება მოსამართლეთა დანიშვნას. ჩვენ ვიხილეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადება, თუ რით ხელმძღვანელობდნენ ამ დანიშვნის დროს და ნათელი გახდა, რომ გადაწყვეტილებას იღებდნენ გარკვეული გარიგებების ფონზე, ანუ გადაწყვეტილებას იღებდნენ არა კანონის შესაბამისად, არამედ სხვა ფაქტორების გავლენით.

რეალურად პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლო საჭიროებს რეფორმას. ამ რეფორმის განხორციელების სურვილი არ ჩანს, რომ არსებობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან გადაწყვეტილებების მიღების დროს არ ხდება იმ ინტერესის დაცვა, რომელსაც ჰქვია საზოგადოებრივი ინტერესი. სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ საზოგადოების უმეტესობას არ აქვს რწმენა და ნდობა სასამართლო ხელისუფლების და მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების მიმართ. ეს ძალიან კონკრეტულ გამოხატულებას პოულობს იმ გამოკითხვებში, რომლებიც ტარდება და ამის უკან დგას კონკრეტული ფაქტები. რეალურად მოსახლეობისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ გირგვლიანის უკანონო განაჩენს ხელს აწერს ადამიანის უფლებების დამრღვევი მოსამართლე ლევან მურუსიძე. იმ გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა და რომელშიც მითითებულია, რომ სასამართლო ინსტანციები უარს აცხადებდნენ მომჩივნის უფლებები ყოფილიყო დაცული და მათ რეალურად მოიწონეს ყველა ის ქმედება, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელსაც ახორციელებდა შსს, ახორციელებდა პროკურატურა, მათ შორის სააღსრულებო დეპარტამენტი. ბოლოს ეს ყველაფერი დაგვირგვინდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებით.

რამდენიმე დღის წინ გახმაურებული ფაქტები იმის შესახებ, რომ კონკურსანტებისთვის ცნობილი გახდა სავარაუდოდ, მოსამართლის გამოცდის ტესტები, ადასტურებს იმას სხვა გარემოებებთან ერთად, რომ მართმსაჯულების ქართული სისტემა არის ჩიხში და რეალურად საქმე გვაქვს სასამართლო სისტემის კრახთან.

ერთადერთი გამოსავალი აქედან არის ის, რომ განხორციელდეს გადაუდებელი ღონისძიებები, რომელშიც იგულისხმება რეფორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი და სხვა გარემოებები, რომლებიც ორგანულადაა დაკავშირებული სასამართლო კორპუსის შევსებასთან და მოსამართლის დათხოვნასთან იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს უფრო მეტი ნდობა ქართული მართმსაჯულების მიმართ”.

– საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ღიად ისაუბრა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე მომხდარ დარღვევაზე. მანამდე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ , მამუკა ახვლედიანმა რამდენჯერმე გააკრიტიკა მინისტრი წულუკიანი. ახვლედიანის განცხადებები შეგვიძლია გავიგოთ, როგორც წულუკიანთან მისი უშუალო დაპირისპირება, თუ ფიქრობთ, რომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ცდილობს არ დაემორჩილოს სხვა მოსამართლეების მსგავსად ხელისუფლების გავლენას?

– პრობლემა მდგომარეობს არა კონკრეტული მოსამართლის განცხადებაში, არამედ იმაში, რომ სასამართლო სისტემაში რეფორმა არის დაპაუზებული და აშკარაა, რომ რეფორმა არ შედის ხელისუფლების ინტერესში. იუსტიციის სამინისტრო, რომელიც რეფორმის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი ორგანო, მან კრახამდე მიიყვანა მართმსაჯულების სისტემა თავისი არაგონივრული ნაბიჯებით. რეალურად, რეფორმა არის დაპაუზებული. ეს ყველაფერი უკავშირდება სხვა პრობლემებს, კრიტერიუმებს, თუ რის მიხედვით უნდა მოხდეს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა, რაც არ არის გაწერილი ქართული კანონმდებლობით და ეს სწორედ იუსტიციის სამინისტროს პრობლემაა. დასაბუთება გადაწყვეტილების, ვინაიდან საზოგადოებამ არ იცის რატომ დაუჭირა მხარი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას. ასევე არ არის შესაძლებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. არსებობს ეს და სხვა მრავალი პრობლემა, რომელიც საჭიროებს იუსტიციის სამინისტროს ჩარევას. მან უნდა უხელმძღვანელოს მთელ ამ პროცესს. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან არ ხდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და  ადვოკატირება ამ პროცესის, იმისათვის, რომ დღეს სისტემა იყოს უკეთესი.

– თქვენ განაცხადეთ, რომ პარლამენტს ჰქონდა უფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის უფლებამოსილება შეეწყვიტა. როგორ ფიქრობთ, რატომ არ გამოიყენა უმრავლესობამ აღნიშნული შესაძლებლობა?

– მე მგონია, რომ რეალუარდ ჩვენ გვაქვს გარიგებასთან საქმე მოსამართლეთა იმ წევრებთან, რომლებიც 10 წელზე მეტი ხანია არიან სასამართლო სისტემაში და ეს ემსახურება იმ მიზანს, რომ არჩევნების წინ ეს მოსამართლეები კმაყოფილები ჰყავდეთ. არსებობს მთელი რიგი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც ვენეციის კომისია გვავალდებულებს. თუმცა, მათ ცხოვრებაში გატარებას ექმნება დაბრკოლებები. მნიშვნელოვანი საკითხია ის, თვითონ სისტემა ორიენტირებული იყოს იმაზე, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს და თითოეული მოსამართლის უფლებები იყოს განმტკიცებული. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ვერანაირ სვლას ვერ ვხედავთ.

– თქვენ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ზრდაზე საუბრობთ, მაშინ როდესაც ისინი საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობით არ სარგებლიბენ…

– ჩემი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ზოგადად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს და მსჯელობა მიმართული იყოს, რომ მოსამართლეები უვადოდ ინიშნებოდნენ და ეს  სხვათაშორის, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, უბრალოდ, შესაძლებელია დანიშვნამდე გამოსაცდელი ვადა არაუმეტეს 3 წლისა, შესაძლოა არსებობდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ ის პირები, რომელთაც სურთ მოსამართლედ დანიშვნა,  იქნებიან მოსამართლეები, რომლებმაც 10 წელი უკვე იმსახურეს, თუ პირები, რომლებიც ახლა შემოდიან სისტემაში აუცილებლად უნდა სარგებლობდნენ ნდობით. მანამ, სანამ  ისინი დაინიშნებიან, მოხდეს მათი დანიშვნა კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების საფუძველზე, მათი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის გათვალისწინებით.

– გარკვეული ნაწილი პოლიტიკოსების და ანალიტიკოსების აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს უშუალოდ უნდა კონტროლი დაამყაროს სასამართლო სისტემაზე. რა მექანიზმებით შეუძლია წულუკიანის უწყებას ეს მოახერხოს?

– კონსტუტიციური მექანიზმები მას არ აქვს. გუშინ, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების შესახებ, ამ ორგანიზაციას ჰქონდა რეალურად მუშაობა დაწყებული შეთანხმებით სასამართლო სისტემასთან, მაგრამ მას შემდეგ რაც ქალბატონმა წულუკიანმა გაიგო ამის შესახებ დააბრკოლა ამ სისტემის განხორციელბა და დღემდე ეს სისტემა არ ხორციელდება. ორიენტირი რომ იყოს აღებული ადამიანის უფლებების დაცვაზე, ორიენტირი რომ იყოს აღებული სისტემის გაჯანსაღებაზე, ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტსროს 2012 წლიდან ძალიან დიდი დრო ჰქონდა ამისთვის და იმ ადამიანებსაც, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სასამართლო რეფორმის განხორციელებაში. მე არც მიმიწვდებოდა ხელი, არც ერთ ეტაპზე არ ვყოფილვარ ამაში ჩართული ჩემი სურვილის მიუხედავად. შესაძლებელია დღეს გვქონოდა გაცილებით უკეთესი სასამართლო სისტემა, ვიდრე გვაქვს.

– თქვენ საუბრობთ, რომ სასამართლო რეფორმა დაპაუზდა. როგორ ფიქრობთ, რა იყო რეფორმის შეფერხების მიზეზი? სად უნდა ვეძებოთ მიზეზები, უშუალოდ რეფორმის ინიციატორებში? და საერთოდ, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული რეფორმა?

– პირველ რიგში განმარტება იმის შესახებ, რატომ არის სასამართლო რეფორმა შეჩერებული ამის შესახებ უნდა ისაუბროს იმ ორგანიზაციამ, რომელიც არის ავტორი ამ რეფორმის, ვითომ რეფორმის. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია ის, რომ მიმდინარე პროცესებიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია რეალურად სურვილი არ არის სასამართლოს რეალური რეფორმა მოხდეს.

– იმ პერიოდში თქვენ მინისტრის მოადგილე იყავით. ყველამ იცის, რომ თქვენსა და მინისტრს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, რაც საბოლოოდ თქვენი სამინისტროდან წამოსვლით დასრულდა. სასამართლო რეფორმის გარდა, კიდევ იყო რაიმე, რამაც მინისტრთან შეუთანხმებლობა გამოიწვია?

– მე მქონდა განსხვავებული მოსაზრებები ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში. თუმცა, ეს სხვადასხვა საკითხს უკავშირდება. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ ამაზე საუბრისგან. ერთი რამ არის ცხადი, რომ მხოლოდ დავით ჯანდიერი არ წამოსულა იუსტიციის სამინისტროდან. იუსტიციის სამინისტორო ამ პერიოდში დატოვა რამდენიმე ათეულზე მეტმა მენეჯერულ პოზიციაზე და არარიგით პოზიციაზე მომუშავე ადამიანმა, რომელთაც ჰქონდათ განსხვავებული ხედვა. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ყოფილ სამსახურზე საუბრისგან თავს ვიკავებ.

– ამ ადამიანებმაც სასამართლო სისტემაში მიმდინარე ჩაშლილი რეფორმის გამო დატოვეს თანამდებობა?

– ყველა ადამიანს სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა სამსახურის დატოვების.

– და ბოლოს, თემას მინდა გადავუხვიო… ჰააგაში რუსეთის გარდა, ომში ჩართულ საქართველოსა და ე.წ სამხრეთ ოსეთის ბრალეულობასაც შეისწავიან. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ჰააგის სასამართლოს განცხადებაში საუბარია მხოლოდ ორი მხარის, ქართული და ე.წ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ჩადენილ დანაშაულზე. ფიქრობთ, რომ საერთაშორისო გამოძიება მიკერძოებულად წარიმართება და საქმე რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნდება?

– ის თანხმობა, რომელიც წინა სასამართლო პალატის მიერ იქნა გაცემული, უკავშირდება ნებისმიერ დანაშაულს მის კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც ჰააგის სასამართლოს მიერ იქნა მიცემული. კერძოდ ეს უკავშირდება ომის დანაშაულებს და უკავშირდება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. ბუნებრივია, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში არ განიხილება კონკრეტული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი. ეს ძიება წარმოებს იმისათვის, რომ გამოიკვეთოს და დადგენილ იქნეს კონკრეტული პირები და დადგეს მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. არანაირი საფუძველი იმისათვის, რომ ეჭვი შევიტანოთ ჰააგის სასამართლოს მიკერძოებაში არა გვაქვს. ბუნებრივია ბევრი რამ სამომავლოდ იქნება დამოკიდებული მტკიცებულებებზე, ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ვგულისხმობ და „საქართველოს განვითარების ფონდმა“ რამდენიმე დღის წინ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რათა შეიქმნას სპეციალური ჯგუფი იმისათვის, რომელიც იქნება პროფესიონალი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებით დაკომპლექტებული. ამ ჯგუფმა უნდა დაიცვას საქართველოს ინტერესები, იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს უფრო მეტი ნდობა იმ პროცესის მიმართ, რომელიც ჰააგის სასამართლოში მიმდინარეობს.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....