მთელი საქართველო გახდა ამის ექსპერტი… სააკაშვილმა ისინი [სუპერ პუმები] პირადი საჭიროებისთვის ჩამოიყვანა, – აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და 29 ივლისის ტრაგედიას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, თავისი პარამეტრებიდან გამომდინარე ხსენებული ვერტმფრენები სამაშველო ოპერაციებისთვის ვერ იქნებოდა გამოყენებული.
“მთელი საქართველო გახდა ამის ექსპერტი. სინამდვილეში, ამ სფეროში ექსპერტული ცოდნა აქვს პირველ რიგში შესაბამის უწყებებს. და ამ უწყებამ გააკეთა უკვე განცხადება და საზოგადოებას განუმარტა ყველაფერი. არ ვიცი, არაექსპერტებს შეუძლიათ საკუთარი ექსპერტული აზრების გავრცელება გააგრძელონ, მაგრამ ეს ვერ იქნება, ბუნებრივია, დამაჯერებელი. უწყებამ გაავრცელა კონკრეტული განცხადება და საზოგადოებას შეუძლია გადაამოწმოს ეს ყველაფერი მაგრამ ყველაფერი არის დღესავით ნათელი.
მე როგორც ვიცი სამაშველო ფუნქცია საერთოდ არ ჰქონდა იმ ვერტმფრენებს, იყო ე.წ. “ლუქსუს” ვერტმფრენები, რომელიც სააკაშვილმა თავისი პირადი საჭიროებისთვის ჩამოიყვანა და არავითარ შემთხვევაში არ იყო განკუთვნილი სამაშველო ოპერაციებისთვის და ვერც იქნებოდა განკუთვნილი თავისი პარამეტრებიდან გამომდინარე”, – აცხადებს კობახიძე “მთავარის” ცნობით.
ცნობისთვის, 29 ივლისს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა და მათ დასახმარებლად ვერტმფრენი გააგზავნეს. ხსენებული სამაშველო ვერტმფრენი აფეთქდა და ბორტზე მყოფი 8 ადამიანი დაიღუპა.
გუდაურში ტრაგიკული სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულების ცხედრები გუშინ სამხარაულის ეროვნული ბიუროდან საცხოვრებელ სახლებში გადაასვენეს. მათი სამოქალაქო პანაშვიდი 2 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

