ახალი ამბები მსოფლიო

“უეცრად ცუდად გახდა, ხელ-ფეხს ვეღარ გრძნობდა” – ჩუბაისი კლინიკაში გადაიყვანეს

რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი ანატოლი ჩუბაისი ევროპის ერთ-ერთ ჰოსპიტალში იმყოფება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცნობილი რუსი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ჩუბაისი კლინიკაში გილენ-ბარის სინდრომით გამოწვეული ნევროლოგიური მდგომარეობის სიმპტომებით მოათავსეს.

სობჩაკი თქმით, ესაუბრა ჩუბაისის მეუღლეს, რომელმაც თქვა, რომ მისი ქმრის „მდგომარეობა არასტაბილურია. “ის უეცრად ცუდად გახდა, კიდურებს ვეღარ გრძნობდა“.

სობჩაკი სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური მენტორის, გარდაცვლილი ანატოლი სობჩაკის ქალიშვილია.

ის ასევე იყო რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი 2018 წელს. ბოლო წლებში ის აკრიტიკებდა პუტინს, მათ შორის უკრაინაში შეჭრის გამო.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, გილენ-ბარის სინდრომი იშვიათი დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა აზიანებს ორგანიზმის ნერვებს.

როგორც “სიენენი” წერს, ამჟამად უცნობია კონკრეტულად რომელ ადგილზე იმყოფება ჩუბაისი ევროპაში.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ორშაბათს განაცხადა, რომ კრემლს არ აქვს დეტალები იმის შესახებ, თუ რა დაემართა ჩუბაისს, მაგრამ მომხდარს “სამწუხარო ამბავი” უწოდა.

შეგახსენებთ, ჩუბაისმა მარტში დატოვა კრემლის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა გარემოს დაცვის საკითხებში.

“როიტერმა” ამ საკითხთან დაკავშირებით ორ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მან ქვეყანა დატოვა უკრაინის ომის გამო. ჩუბაისმა იმ დროს არ უპასუხა CNN-ის თხოვნას კომენტარზე. მარტში კრემლმა დაადასტურა, რომ ჩუბაისმა სამსახური დატოვა. ჩუბაისი გარემოსდაცვით სამსახურში იყო 2020 წლის 4 დეკემბრიდან.

ჩუბაისი ცნობილია, როგორც ბორის ელცინის მმართველობის დროს ფინანსთა მინისტრი 1990-იან წლებში. პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის პირველ დღეებში ჩუბაისი ახლანდელი პრეზიდენტის ოპონენტად ითვლებოდა. პუტინმა 1999 წელს ინტერვიუების სერიაში განაცხადა, რომ ჩუბაისმა გააუქმა კრემლში სამუშაო ადგილი, რომელიც მას თავდაპირველად შესთავაზეს.

ბოლო წლებში ჩუბაისი აგრძელებდა ეკონომიკური რეფორმებისკენ მოწოდებებს და იყო ერთ-ერთი დარჩენილი ლიბერალი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის მთავრობასთან.

იტვირთბა....