მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ბოლო დღეების მანძილზე გაცილებით უარესად გრძნობს თავს.
როგორც ადვოკატი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი გარეგნულად ძალიან შეიცვალა და საკმაოდ ცუდად გამოიყურება.
ადვოკატის თქმით, მას ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს და ძირითადად უკრაინულ არხებს უყურებს.
“ეს არიან ფსიქოთერაპევტი, ნევროლოგი და მესამე გახლავთ ნობელის პრემიის ლაურეატი. დღეს გადაეცემა მარიამ ჯიშკარიანს დოკუმენტები და ის დაიწყებს ამ პროცედურებს, რაშიც ჩვენც ხელს შევუწყობთ, რომ დროზე იქნეს აღებული შესაბამისი ნებართვები.
ნებართვის აღების შემდგომ, ამერიკელები უკვე დაუყოვნებლივ ჩამოფრინდებიან, 2-3 დღე იმუშავებენ და დასკვნის წერას გააგრძელებენ ამერიკაში. მისი სიცოცხლე საფრთხეშია, საჭიროა გაკეთდეს ყველაფერი, რომ გადარჩეს.
რაც შეეხება პოლიტიკურ თემატიკას, უყურებს უკრაინულ არხებს, ბუნებრივია გაჩნდა კითხვა, რატომ – მან არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დიახ, მე ქართული პოლიტიკა არ მაინტერესებს”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
შალვა ხაჭაპურიძე ამერიკელი ექსპერტების დოკუმენტებს ცენტრ “ემპათიას” დღეს გადასცემს.
სავარაუდოდ, მარიამ ჯიშკარიანი ნებართვების მიღებაზე შესაბამის პროცედურებს დღესვე დაიწყებს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საექსპერტო საქმიანობის ნებართვის გაცემის შემდეგ 3 ამერიკელი ექსპერტი და 1 ადვოკატი დაუყოვნებლივ ჩამოვა ქვეყანაში და ექსპერტიზის მოსამზადებლად შესაბამის პროცედურებს დაიწყებს.

