მიმყარდება აზრი, რომ ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის გარიგება შედგება, – აღნიშნულის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი გარანტიების ფასად წავა სამკურნალოდ და აღარ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, რაც იქნება გაჯანსაღება „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“.
როგორც ელისაშვილი საუბრობს, არ შეიძლება მხოლოდ იმაზე ვლაპარაკობდეთ, რომ სააკაშვილი არის გმირი.
“სააკაშვილი 2004 წლის შემდეგ გულზე არ მეხატებოდა და ახლაც მისდამი დამოკიდებულება არ შემიცვლია,მაგრამ ერთი რაღაცისთვის მინდა შევაქო: ყოჩაღ, რომ ასეთი შვილი ჰყავს გაზრდილი. ფაქტია, რომ ეს არის სააკაშვილის შვილი, რომელიც არის ძალიან გონიერი და დაკვირვებულ რაღაცებს ამბობს. მან თქვა, რომ სააკაშვილი აღარ არის მომავლის ლიდერი და ამოწურა საკუთარი თავი, სააკაშვილმა ამას თვალი უნდა გაუსწოროს.
ის საქართველოს ისტორიაში არის შესული ძალიან ეფექტური რეფორმებით და იმით, რომ ჯოჯოხეთი დაატრიალა საქართველოს ციხეებში. სააკაშვილი უბრალოდ „ჭედავს“ პროცესს, რაც ეხმარება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“. ვფიქრობ რაღაც გარიგება იქნება, რომელიც წაადგება ქვეყანას. თუ სააკაშვილი აღარ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, ეს იქნება კარგი. მან, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა საქართველოში თავი ამოწურა. როდესაც ორჯერ პრეზიდენტი იყავი, მთავარსარდალი და არაჟნებით მოიპარები, ეს არის ძალიან სამარცხვინო საქციელი”, – აცხადებს ელისაშვილი.
ცნობისთვის, მანამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ადვოკატმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას ქართულ პოლიტიკა არ აინტერესებს.

