ცხვარიჭამიაში მოკლული მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებუმა დავით ჯიჯეიშვილმა დანაშაული აღიარა. tvპირველი ჯიჯეიშვილის ჩვენებას ავრცელებს. როგორც ის ამბობს, კუკავას პირველად წვეულებაზე შეხვდა და მკვლელობის შემდეგ გაიგო მისი სახელი და გვარი.
“გულწრფელად ვინანიებ ჩემს მიერ ჩადენილ ქმედებას, რასაც მოჰყვა მირიან კუკავას გარდაცვალება. წვეულებამდე მას არ ვიცნობდი. მისი სახელი და გვარი ჩემთვის ცნობილი გახდა მომხდარის შემდეგ, მასმედიის საშუალებით. გამოძიების ამ ეტაპზე ჩემი მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, არ შემწევს უნარი გიპასუხოთ და ვისაუბრო მომხდარის დეტალებთან დაკავშირებით” – აცხადებს დავით ჯიჯეიშვილი.
მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.