გუდაურში პარაპლანით დაშვებისას დაღუპული არაბი ტურისტის ცოლი მომხდარის დეტალებზე საუბრობს. როგორც მან ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ჯერ პარაპლანით მათი ქალიშვილი დაეშვა, შემდეგ კი ქმარი.
როგორც ქალი იხსენებს, ტრაგედიის დღეს ძლიერი ქარი იყო.
“პარაპლანით პირველად ჩვენი ქალიშვილი დაეშვა, შემდეგ კი ჩემი ქმარი. ძლიერი ქარი იყო, არ ვიცი რა მოხდა. მოგვიანებით გვითხრეს, რომ შემთხვევის ადგილი საკმაოდ რთული რელიეფის იყო. მოვითხოვე ვერტმფრენის გამოძახება. მალევე მოფრინდნენ მაშველები. შემთხვევის ადგილს შემოუფრინეს, თუმცა, ჩემთვის არაფერი უთქვამთ”, – ამბობს დაღუპული ტურისტის ცოლი.
შეგახსენებთ, გუშინ ტურისტი პარაპლანით ფრენისას, ინსტრუქტორთან ერთად თეთრი არაგვის ხეობაში კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. მათ დასახმარებლად მისულმა ვერტმფრენმა, რომლის ბორტზეც რვა ადამიანი იმყოფებოდა, სამაშველო ოპერაციის დროს კატასტროფა განიცადა და აფეთქდა. ვერტმფრენში მყოფი ყველა ადამიანი – ეკიპაჟის წევრები, მაშველები და მედიკოსები დაიღუპნენ. მალევე ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი იპოვეს თავად ტურისტიც, ხოლო პარაპლანის ინსტრუქტორი გადარჩა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.