ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს იუბილარის დედა, რომლის აგარაკზეც დანაშაული მოხდა.
“ბავშვები მარტო არ ყოფილან, მეც იქ ვიყავი”, – ამბობს ის, თუმცა, დეტალებზე არ საუბრობს.
ქალის თქმით, უკვე იმყოფებოდა დაკითხვაზე.
“კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან მე თვითონაც არ ვიცი. გამოძიება მიმდინარეობს. გამოძახებული იყო 112, მოვიდნენ დროულად, პოლიცია კარგად მუშაობს, დაველოდოთ გამოძიებას, აუცილებლად დაისჯება მკვლელი და აუცილებლად იპოვიან, ვინც არის”, – ამბობს ის.
შსს-ს განცხადებით, ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირია დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, მირიან კუკავა მეგობრის სახლში იმყოფებოდა დაბადების დღეზე, რა დროსაც, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ტრაგედიით დასრულდა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამავე თემაზე: ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის ბიჭი ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის შვილია