დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონში სულ უფრო ძლიერდება, რაშიც ახალ, შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას იყენებენ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინელებმა შეძლეს, დაეზიანებინათ სამი ხიდი, რომელთა საშუალებითაც, რუსეთი კონტროლის ქვეშ მოქცეულ ტერიტორიებს ამარაგებდა.
“უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონში სულ უფრო ძლიერდება. უკრაინამ მათი ახალი, შორ მანძილზე მოქმედი არტილერია გამოიყენა, რომ მდინარე დნეპრის გადაღმა სულ მცირე, სამი ხიდი დაეზიანებინა, რომლებსაც რუსეთი თავისი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების მომარაგებისთვის იყენებს. ერთ-ერთი ასეთია ანტონოვსკის ხიდი ქალაქ ხერსონთან ახლოს. დიდი ალბათობით, ახლა ამ ხიდის გადასასვლელი გამოუსადეგარია”, – აცხადებენ ბრიტანულ უწყებაში.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ძალიან დაუცველად გამოიყურება რუსეთის 49-ე არმია, რომელიც მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზეა განლაგებული.
“ანალოგიურად, ქალაქი ხერსონი – რუსეთის მიერ ოკუპირებული პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი, ახლა სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებს თითქმის სრულად არის მოწყვეტილი. მისი დაკარგვა ძირს უთხრის რუსეთის მცდელობებს, რომ ოკუპაცია წარმოაჩინოს წარმატებულად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.