უკრაინელების 84 პროცენტისთვის დაუშვებელია რუსეთთან რაიმე სახის ტერიტორიულ დათმობაზე წასვლა ომის შეწყვეტის სანაცვლოდ. ამას მოწმობს კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც, მაისის შემდეგ, ამ მიმართულებით მოსახლეობის განწყობები არ შეცვლილა.
“მხოლოდ 10% მიიჩნევს, რომ მშვიდობის მისაღწევად და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, შეიძლება ზოგიერთი ტერიტორიის დათმობა”, – ვკითხულობთ კვლევაში.
გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის ყველა რეგიონში, მოსახლეობის უმეტესობა ნებისმიერი სახის ტერიტორიულ დათმობაზე წასვლის წინააღმდეგია და ზოგ რეგიონში, მაისთან შედარებით გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობას არ განიხილავენ.
“აღმოსავლეთშიც კი, სადაც ახლა ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს, 77% დათმობების წინააღმდეგია (დათმობაზე წასვლის მზაობას მხოლოდ 16 პროცენტი გამოთქვამს); სამხრეთით მაცხოვრებლების 82 პროცენტი ეწინააღმდეგება დათმობას, ხოლო საპირისპირო პოზიციაზე მხოლოდ 10%-ია. აღსანიშნავია, რომ მაისიდან მოყოლებული ივლისამდე, აღმოსავლეთში 68-დან 77%-მდე გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც რაიმე სახის დათმობაზე წასვლის წინააღმდეგი არიან (სხვა რეგიონებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა)”, – ნათქვამია კვლევაში.