რუსთავში 11 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა, გაშველების პროცესში კი რამდენიმე პირმა ასევე მიიღო მცირე დაზიანებები. ინფორმაციას ადგილობრივი მედია “ინფო რუსთავი” ავრცელებს. დაშავებული ბიჭი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა. მას სხეულის სხვადასხვა ნაწილში რამდენიმე ნაკბენი აქვს.
თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვანმა ეზოში თამაშის დროს ერთ-ერთი ავტოფარეხის კარი გამოაღო, სადაც პიტბული იყო, რომელიც ბავშვს თავს დაესხა და დაკბინა. მათივე მონაყოლის მიხედვით, ეზოში მყოფებმა ძაღლისთვის ბავშვის გამოტაცება შეძლეს და პიტბული კვლავ ავტოფარეხში ჩაკეტეს.
არსებული ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.