“მართლა ძალიან საშინელება უთხრა [ჟურნალისტმა კობახიძეს] – მიუღებელია ჟურნალისტის მხრიდან ასეთი კითხვები”, – ასე აფასებს “ქართული ოცნების” დეპუტატი ეკა სეფაშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ “მთავარი არხის” ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფის მიყენებას.
როგორც სეფაშვილმა “მეტრონომთან” საუბარში აღნიშნა, ეს კადრები მძიმე საყურებელი იყო, თუმცა, ჟურნალისტმა პროვოკაციული კითხვა დასვა, რომ წონასწორობიდან გამოეყვანა კობახიძე, რომელიც მისი შეფასებით, “მშვიდი, გაწონასწორებული, ზრდილი და თავმდაბალი” პიროვნებაა.
“ცოტა რთულია ამ შეფასების გაკეთება, რადგან ირაკლი კობახიძე არის ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, ზრდილი, თავმდაბალი პიროვნება და ასე რომ გამოიყვანეს მდგომარეობიდან, მართლა ძალიან საშინელება უთხრა. მიუღებელია ჟურნალისტის მხრიდან ასეთი კითხვები და ყველაფერი არის მიმართული იქითკენ, რომ წონასწორობიდან გამოეყვანა რესპონდენტი. ეს არის მიუღებელი, ჟურნალისტები უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ საქმიანობას – ჟურნალისტობას და თავი დაანებონ პოლიტიკური თამაშის წარმოებას… სხვა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საყურებელი იყო და ძალიან ცუდი კადრები იყო”, – ამბობს სეფაშვილი.