ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ვანო ნადირაძე: რუსებს ნული შანსი აქვთ “ჰაიმარსებს“ მისწვდნენ, ხერსონში ბაზები თითქმის გავანადგურეთ

უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე რუსეთის თავდაცმის მინისტრის, სერგეი შოიგუს მიერ, რუსი სამხედროებისთვის მიცემულ დავალებას გამოეხმაურა – გაანადგურონ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული “ჰაიმარსის“ სარაკეტო საარტილერიო სისტემები.

როგორც ნადირაძე “ბათუმელებთან” ინტერვიუში აცხადებს, რუსებს ამის შანსი არ აქვთ.

“ნული შანსი აქვთ. წარმოიდგინეთ, 70 კილომეტრი სიღრმიდან რომ გირტყამს ტექნიკა, რომელსაც ძალიან ბევრი დამცავი სისტემა აქვს, ასევე მუშაობს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებიც, ამიტომ ძალიან ძნელია, რომ რუსები “ჰაიმარსებს“ მისწვდნენ. შოიგუს განცხადება უფრო ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის იყო გაკეთებული. მე რასაც აქედან ვუყურებ, რუსების მიერ დაანონსებული მეორე, ე.წ. მძაფრი ფაზა, ნელ-ნელა გაჩერდა. ლისიჩანსკი-სევეროდეცკიზეც შენელებულია მოქმედებები, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსები უკან და უკან წავლენ”, – ამბობს ვანო ნადირაძე.

მისივე თქმით, უკრაინელები “ჰაიმარსებს” უშეცდომოდ იყენებენ და ხერსონის ოლქში რუსების ბაზების დიდი ნაწილი, უკვე განადგურებულია.

“ბოლო რამდენიმე დღეში 30-ჯერ იყო “ჰაიმარსი“ გამოყენებული და ყველა სერიოზული შედეგით. მელიტოპოლის, ნოვა კახოვკის და ლუგანსკის მხარეში, ზურგში ვუნადგურებთ ლოჯისტიკას [რუსეთის შეიარაღებულ ძალებს]. ბაზები რაც ჰქონდათ ხერსონის ოლქში განლაგებული, თითქმის განადგურებულია. იძულებული გახდნენ დაბომბვების შემდეგ უკან გადაეწიათ, სადაც ვერ მიწვდება რაკეტები. უკან გადაწევა იმას ნიშნავს, რომ რუსებს უკვე გაურთულდათ ლოჯისტიკა, წინ ხაზზე ადვილად ვეღარ მიაწვდიან ტყვია-წამალს. გარდა ამისა, ტრანსპორტიც ორჯერ მეტი სჭირდებათ, რომ რაღაც ტემპი შეინარჩუნონ. ფაქტობრივად, ლისიჩანსკის აღების შემდეგ, წინ ვეღარ მოდიან, სანტიმეტრი ვერ გადმოწეულან”, – აცხადებს ვანო ნადირაძე.

 

იტვირთბა....