უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშის მიხედვით, რუსული ძალები აგრძელებენ უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის მიმართულებით შეტევას და ტერიტორიის შტურმით აღებას ცდილობს.
“ბახმუტის მიმართულებით, ჩვენს ჯარებს ცეცხლი გაუხსნეს ბერესტოვეს, ბახმუტის, კონსტანტინოვკას, ბელოგოროვკას, პოკროვსკოეს, კოდემას, ვესელაია დოლინას, ნიუ-იორკის, იაკოვლევკას, ვასიუკივკას, კლიშჩეევკას დასახლებებისა და უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე“, – აცხადებენ გენშტაბში.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსები უგლეგორსკის თბოელექტროსადგურს უტევდნენ, გუშინაც გავრცელდა, თუმცა, გენშტაბის ცნობით, მაშინ ოკუპანტებს უკან დახევა მოუხდათ.
როგორც უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, უკრაინაში სიდიდით მეორე, უგლეგორსკის თბოსადგურის ხელში ჩაგდებით, ოკუპანტები კრამატორსკისა და სლავიანსკის მიმართულებით წინსვლას და ქალაქ ბახმუტზე შეტევის განხორციელებას ცდილობდნენ.