საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია “ანა“ დააფუძნა. როგორც მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახალი ლიტერატურული კონკურსი, რომელიც ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება და ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება, ყოველწლიურად, ივლისის თვეში გამოცხადდება და მისი ძირითადი მიზანი ქალი ავტორების ხელშეწყობა, წარმოჩენა და წახალისება იქნება.
უწყების Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კონკურსის ფარგლებში განიხილება კონკურსის გამოცხადების წინა წელს წიგნად გამოცემული თანამედროვე ქალი ავტორის/ების ქართულენოვანი ან/და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხო ენაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
• ქალი პროზაიკოსი – საუკეთესო პროზაული
კრებულისთვის;
• ქალი პოეტი – საუკეთესო პოეტური კრებულისთვის;
• ქალი მთარგმნელი – საუკეთესო თარგმანისთვის;
• ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების
ავტორი.
თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა 5 000 ლარს შეადგენს. კონკურსის გამარჯვებულს ასევე გადაეცემა სიგელი.
“ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, პრემია გაიცემა თითოეული ნომინაციისათვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კონკურსში მონაწილეობის უფლება საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს ექნებათ.
ამასთან, როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ერთი ნომინაცია შეეხება როგორც ქალ, ისე მამაკაც ავტორებს და გაიცემა ნაწარმოებისათვის, რომელიც ქალის თემას ეძღვნება.
ხოლო კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენისა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით, მინისტრის მიერ ყოველწლიურად შეიქმნება ლიტერატურის სფეროს აღიარებული სპეციალისტებისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია, 5 წევრის შემადგენლობით.
წლევანდელი კონკურსის ფარგლებში, განაცხადები მიიღება 2022 წლის 20 ივლისიდან 22 აგვისტოს 12:00 საათამდე. კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება.