2022 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში არსებულმა 14-მა ბანკმა 836 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას BMG ავრცელებს კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ ფინანსურ ანგარიშებზე დაყრდნობით. საქართველოს საბანკო ასოციაციის თანახმად, ამ მოგების 95% ქვეყნის ორ უმსხვილეს ბანკზე მოდის.
“2022 წლის პირველ ნახევარში ბანკებმა 2.7 მილიარდი ლარის საპროცენტო შემოსავლები მიიღეს, საიდანაც უშუალოდ მოქალაქეების და ბიზნესების სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი 2.34 მილიარდი ლარი იყო. საპროცენტო შემოსავლების გარდა, ბანკებმა 674 მილიონი ლარის არასაპროცენტო შემოსავლები მიიღეს, ამ თანხიდან 327 მილიონი ლარი ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან მიღებული მოგება იყო, საკომისიო შემოსავალი კი 287 მილიონი ლარი იყო.
რაც შეეხება ხარჯებს, ბანკებმა მათ მიერ მოზიდული დეპოზიტების და სხვა სახსრების მომსახურებაზე 1.3 მილიარდი ლარი დახარჯეს, საიდანაც უშუალოდ დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი 733 მილიონი ლარი იყო, ხოლო ბანკების არასაპროცენტო ხარჯებმა 926 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მათ შორის ბანკებში დასაქმებული ათასობით ადამიანის სახელფასო ხარჯებს მოიცავს”, – წერს ბიზნესგამოცემა.
მთლიანობაში, ბანკებმა ერთი მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს, საიდანაც 164 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს, მათ აქციონერებს კი 836 მილიონი ლარის წმინდა მოგება დარჩათ.