ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი, რომელსაც გამოძიება ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება, პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
პროკურორის თქმით, ოზთურქი ისევ პატიმრობაში უნდა დარჩეს, რადგან „გამოძიება მომდინარეობს ფინანსური დანაშაულის მიმართულებით“ და „მან შესაძლოა ხელი შეუშალოს მტკიცებულებების მოპოვების პროცესს“.
დღევანდელ პროცესზე სასამართლოს დაცვის მხარემ გირაოს სახით მილიონ ლარი შესთავაზა. ამასთან, ადვოკატებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში, გალიფ ოზთურქი ელექტრონულ სამაჯურს ატარებდა, თუმცა სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და პროკურორების პოზიცია გაიზიარა ოზთურქის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმში დააკავა.
ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პროკურატურამ ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს.
თავად ოზთურქი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.