ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსის, ადმირალ სერ ტონი რადაკინის განცხადებით, უკრაინაში დაღუპული ან დაშავებული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა უკვე 50 000-სს შეადგენს. როგორც რადაკინი BBC One Sunday Morning-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რუსეთს ხმელეთზე თავისი საბრძოლო შესაძლებლობების 30%-ზე მეტი აქვს დაკარგული.
“ჩვენი შეფასებით, რუსეთმა დაკარგა სახმელეთო საბრძოლო შესაძლებლობების 30%-ზე მეტი. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ 50 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, ან დაშავდა ამ კონფლიქტში, განადგურდა თითქმის 1700 რუსული ტანკი და რუსეთის კუთვნილი დაახლოებით 4000 ჯავშანტექნიკა”, – ამბობს ტონი რადაკინი.
მისივე თქმით, უკრაინის არმიას სჯერა, რომ ამ ომში გაიმარჯვებს.
“რუსეთი უკრაინაში მისი დაპყრობის განზრახვით შეიჭრა. მას პირველი 30 დღის განმავლობაში სურდა ქალაქების აღება, NATO-ზე ზეწოლა. რუსეთი ამ ამბიციებში მარცხდება. ის უფრო დასუსტებულია, ვიდრე თებერვლის დასაწყისში”, – ამბობს ადმირალი.