ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცერცვაძე: სავარაუდოდ, კოვიდ პანდემია მალე არ დასრულდება

“სავარაუდოდ COVID პანდემია მალე არ დასრულდება და შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე წერს.
ის მოსახლეობას აძლევს რეკომენდაციებს, რა უნდა გაკეთდეს, რომ თავიდან ავიცილოთ მისი ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხზე და ქვეყნის ეკონომიკაზე.
“მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც იკვეთება ტენდენცია, რომ COVID პანდემია მალე არ დასრულდება და შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ COVID-თან “თანაცხოვრება” და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვალების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და თავიდან ავიცილოთ COVID-ის ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხზე და ქვეყნის ეკონომიკაზე. ამის გარანტია, ვაქცინაციით მოცვის გაზრდის (ბუსტერ დოზების ჩათვლით) გარდა, არის დროული დიაგნოსტიკა, დროული კომუნიკაცია ექიმთან და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დროული დაწყება. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ბოლო თვეების მანძილზე არცერთი COVID ავადმყოფი, ვინც დროულად ჩაიტარა დიაგნოსტიკა და შეასრულა ექიმის რეკომენდაციები, არ დამძიმებულა და მითუმეტეს არ გარდაცვლილა.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ომიკრონის შტამებით გამოწვეული COVID-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან. ამიტომ აუცილებელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უკლებლივ ყველამ ჩავიტაროთ COVID ტესტირება, რაც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომია და COVID-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის და საჭიროებისამებრ მკურნალობის დროული დაწყების შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა. მინდა დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს და ყველა COVID კლინიკას სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად გამოიყენონ პაქსლოვიდი და/ან რემდესივირი. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლეს”, – წერს ცერცვაძე.

 

 

იტვირთბა....