„თუ ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის გასული წლის იანვრის ანგარიშს, იქ პირდაპირ წერია, რომ ერთერთი ყველაზე სერიოზული რისკი ესაა ბანკების მიერ დოლარში გაცემული სესხების დიდი ნაწილი, რომელთა დაბრუნება გართულდება ლარის დევალვაციის გამო. ამ მიმართულებით სავალუტო ფონდი ზუსტად ერთი წლის წინ რეკომენდაციებს აძლევდა ეროვნულ ბანკს და მთავრობას, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გაკეთებულა. მეორე პრობლემაა ლიკვიდობის რისკი, როდესაც საბანკო სექტორს არ გააჩნია ფული, რათა დაფაროს ვალდებულებები, მათ შორის მეანაბრეების წინაშე. სწორედ იმის გამო, რომ ბანკები გაკოტრების წინაშე დადგნენ (შესაძლოა ეს ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ეს ასეა) ეროვნულმა ბანკმა დაიწყო მათზე სესხების გაცემა – ე.წ. რეფინანსირების სესხების. ერთ მილიარდ ლარზე მეტი ასეთი სესხია უკვე გაცემული. სწორედ ეს იყო ერთერთი მიზეზი, რამაც ლარის კურსის ვარდნა გამოიწვია. ბანკების არასწორი მენეჯმენტის გამო ეროვნული ბანკი იძულებული გახდა, მათზე მილიარდ ლარზე მეტი სესხი გაეცა. აი, სწორედ ესაა ბანკების „როლი“ ლარის გაუფასურებაში. საბანკო რეგულაცია საქართველოში მოიკოჭლებს და ესაა პრობლემა. ერთ რამესაც აღვნიშნავდი: საბანკო სექტორმა გასულ წლებში მოიზიდა 2,7 მილიარდი დოლარი სესხების სახით უცხოური რესურსი, საიდანაც უახლოეს 3 წელიწადში დასაბრუნებელი აქვს 4,4 მილიარდი დოლარი. ერთი თემაა, რომ ეს ორი მაჩვენებელი არ ედრება ერთმანეთს, რადგან მომსახურების ხარჯი გამოდის 50%–ზე მეტი და დარწმუნებული ვარ, რომ აქ კორუფციულ ელემენტები დევს. მეორე და უფრო სერიოზული პრობლემაა, რომ ეს მიმოქცევაში ლარის რაოდენობას ამცირებს: როდესაც ეს 2,7 მილიარდი დოლარი შემოიტანეს, ლარის კურსი იყო 1,7 ანუ ლარებში ბანკებმა შემოიტანეს 4,6 მილიარდი ლარი და გადასახდელი აქვთ 4,4 მილიარდი დოლარი, რაც დღევანდელი კურსით არის 11 მილიარდი ლარი. ანუ ეკონომიკაში შემოიტანეს 4,4 მილიარდი ლარი და გააქვთ 11 მილიარდი. ესაა ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემები. წელს 2 მილიარდ დოლარს აღწევს გადასახდელი თანხა. ესაა პასუხი შეკითხვაზე, როგორ „უწყობს“ ხელს საბანკო სექტორი ბიზნესს. ესაა მკაფიო მაგალითი, თუ როგორ უარყოფით გავლენას ახდენს ბიზნესზე საბანკო სისტემის ასეთი არასრულყოფილი მენეჯმენტი“.- ეკონომისტი აცხადებს თემურ ბასილია “კომერსანტთან”.
იტვირთბა....