“ჩვენ ვახმოვანებთ იმას, რასაც ევროკომისია და საბჭო არ ამბობს” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა “პუბლიკასთან” ინტერვიუში განაცხადა.
კრამონის თქმით, საქართველოს მთავრობამ სანდოობა დაკარგა, თუმცა, საჭიროა, პოლიტიკურმა ელიტებმა გვერდზე გადადონ თავიანთი განსხვავებები და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთიანი ძალისხმევით იმუშაონ.
“საქართველოს ხელისუფლებამ ახლახან წარმოადგინა გეგმა, ევროკომისიის რეკომენდაციების საპასუხოდ. გეგმა საკმაოდ ბუნდოვანია, რაც ნაწილობრივ გასაგებია, მისი მოცულობიდან გამომდინარე. მე მოვუწოდებ ყველას, რომ კეთილსინდისიერად ჩაერთონ ამ ძალისხმევაში. ამავდროულად, სავსებით მესმის ოპოზიციის სკეპტიციზმისა, რომ არ ენდობიან მმართველ პარტიას. ამდენი დარღვეული დაპირებისა და შეცდომაში შემყვანი მანევრების შემდეგ საქართველოს მთავრობამ სანდოობა დაკარგა. თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყნის ბედი დამოკიდებულია იმ პროცესებზე, რომლებიც მომავალი 6-8 თვის განმავლობაში მოხდება. ამიტომ, საჭიროა, პოლიტიკურმა ელიტებმა გვერდზე გადადონ თავიანთი განსხვავებები და თავიანთი ქვეყნის ინტერესებისთვის იმუშაონ”, – აცხადებს ევროპარლამენტარი.