უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის პროგნოზით, წლის ბოლომდე, ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ სერიოზული ცვლილებები იქნება. როგორც რეზნიკოვი Financial Times-თან ინტერვიუში აღნიშნავს, წელს უკრაინის მხრიდან წარმატებული კონტრშეტევების მოლოდინი აქვს.
“იმედი მაქვს, რომ ამ წელს კონტრშეტევით კამპანიას ვიხილავთ და რომ ის წარმატებული იქნება. ამ წლის ბოლომდე, ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი”, – აცხადებს ის.
ოლექსი რეზნიკოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინა მეტ შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას მიიღებს, მათ შორის, Himars-ს, რომელმაც მისი თქმით, ომში თამაშის წესები შეცვალა.
“ჩვენ მათ ვუმტკიცებთ, რომ შეგვიძლია HIMARS-ის მთელი სიზუსტით გამოყენება”, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი.