ლატვიის სეიმმა საბოლოო მოსმენით შეიტანა ცვლილება ენერგეტიკის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის 1 იანვრიდან, ქვეყანაში რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდება აიკრძალდება. ამის შესახებ ლატვიის პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ვკითხულობთ.
დოკუმენტი ლატვიაში გაზის სტრატეგიული მარაგების შექმნას ითვალისწინებს.
“მათი დაგროვება უნდა მოხდეს ინჩუკალნის მიწისქვეშა გაზსაწყობში არაუგვიანეს ყოველი წლის 31 აგვისტოსი, რომ მოხმარება იმავე წლის 1 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 30 აპრილამდე იყოს უზრუნველყოფილი”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ლატვიის მთავრობამ რუსული გაზის ეტაპობრივი შეწყვეტა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ დაიწყო. ცნობისთვის, 2021 წელს ლატვიის მიერ შეძენილი გაზის დაახლოებით 90% რუსეთიდან შედიოდა.