ახალი ამბები მთავარი

Reuters: რუსი ექსპორტიორები ბულგარეთში თხევად გაზს საქართველოს პორტის გამოყენებით გაიტანენ

რუსი ექსპორტიორები ბულგარეთში თხევადი გაზის გასატანად საქართველოს, კერძოდ, ფოთის პორტს გამოიყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს Refinitiv Eikon rail-ის მონაცემებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ნავთობის გატანა ივლისშია დაგეგმილი.

როგორც “როიტერს” წყარომ განუცხადა, ფოთის გავლით თხევადი გაზის გატანა სხვა საექსპორტო მარშრუტებიდან ექსპორტის შეზღუდვის შემდეგ დადგა დღის წესრიგში.

“ამ თვეში დაახლოებით 3 000 ტონა თხევად გაზს გადაიტანენ რუსეთის ქალაქ სურგუტიდან სარკინიგზო გზით ფოთში, შემდეგ კი, ზღვით ბულგარეთში, ვარნაში. გაზპრომი და სურგუტნეფტგაზი საკუთარ თხევად გაზს სურგუტიდან აგზავნიან”, – წერს გამოცემა.

გამოცემა Refinitiv-ზე დაყრდნობით წერს, რომ ფინეთმა, რომლის ტერიტორიაც რუსული თხევადი გაზის კიდევ ერთი მსხვილი საექსპორტო მარშრუტია, მკვეთრად შეამცირა შესყიდვები.

“რუსეთმა უკრაინაში თხევადი გაზის შეტანა 24 თებერვალს, მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ქვეყანაში სამხედროები შეიყვანა იმისთვის, რასაც მოსკოვი “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს. ამასთან, შეაჩერა თხევადი გაზის სარკინიგზო ტრანზიტი უკრაინიდან რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში. ამან, ექსპორტიორები აიძულა, ალტერნატიული მარშრუტები მოეძებნათ”, – წერს გამოცემა.

 

 

იტვირთბა....