გამოცემა Financial Times-ის ცნობით, NATO-ს და ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ გააუმჯობესონ იმ იარაღზე დაკვირვების სისტემა, რომელსაც უკრაინაში აგზავნიან, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ეს იარაღი ევროპის შავ ბაზარზე მოხვდება.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, იარაღის მონიტორინგის და მოკვლევის სისტემის დანერგვაში უკრაინის მთავრობა დასავლეთის ქვეყნებთან ერთად მონაწილეობს.
“მთელი ეს იარაღი პოლონეთის სამხრეთ ნაწილში ჩადის, ისინი საზღვარზე მიაქვთ, შემდეგ კი უბრალოდ სატრანსპორტო საშუალებებით ნაწილდება და ამ მომენტიდან, ჩვენ არაფერი არ ვიცით მათი ადგილმდებარეობის შესახებ. წარმოდგენა არ გვაქვს, საით მიდიან იარაღით დატვირთული ფურგონები, სატვირთო მანქანები და ზოგ შემთხვევაში, კერძო ავტომობილები. არ ვიცით, სად იყენებენ მათ და იმაზეც კი არ გვაქვს ინფორმაცია, საერთოდ რჩება თუ არა ეს იარაღი ქვეყნის ტერიტორიაზე”, – აცხადებს ერთ-ერთი დასავლელი ოფიციალური პირი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, დასავლურმა ქვეყნებმა 10 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება აღმოუჩინეს, რაშიც შედის გადასატანი სარაკეტო დანადგარები, ჯავშანტრანსპორტიორები, იარაღი და საბრძოლო მასალები.