“საქართველო არასდროს მისცემს თავს უფლებას, ჩაერიოს ჩეხეთის საშინაო საქმეებში და არც ჩვენი ელჩი მისცემს თავს ამის უფლებას”, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩეხეთის ელჩის, პეტრ მიკისკას განცხადებას. როგორც ცაგარეიშვილმა “საქართველოს პირველი არხის” ეთერში თქვა, ქვეყნის სუვერენული უფლებაა, როგორი საარჩენო კანონმდებლობა და ბარიერი ექნება.
“ბატონმა ჩეხეთის ელჩმა თქვა დღეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ერთი მოსმენით მიიღეს და შეიძლება ერთ კვირაში მიითონ ეს ყველაფერიო. სხვათა შორის, ეს ეხება ბარიერს, რომელიც იმ 12 პუნქტში მეცამეტე პუნქტად გაჩმდა – ეს არის ქვეყნის სუვერენული უფლება, როგორი საარჩევნო კანონმდებლობა და როგორი ბარიერი ექნება. საქართველო არასდროს მისცემს თავს უფლებას, ჩაერიოს ჩეხეთის საშინაო საქმეებში და ჩეხ ხალხს ურჩიოს როგორი ბარიერი უნდა იყოს მის პარლამენტში, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული და არც ჩვენი ელჩი მისცემს საკუთარ თავს ამის უფლებას. ეს არის სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ არ ვართ მარიონეტები, როგორც ვიყავით ორი საუკუნის განმავლობაში რუსეთის იმპერიაში. იმ ევროპაში იმიტომ მინდა, რომ თანასწორუფლებიანი მინდა ვიყო და ყურები არ დამაგლიჯოს ვინმემ. უნდა შეეჩვიონ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომ რაღაცაზე ჩვენც გვექნება ჩვენი კომპეტენტური, სუვერენული აზრი იმიტომ, რომ ეს სახელმწიფოა. ძალიან ბევრი ლამობს, რომ ეს სახელმწიფო არ იყოს, მაგრამ სახელმწიფოა. ჩეხეთის პატივცემულ ელჩს შევახსენებ, რომ ჩეხეთში 5%-იანი ბარიერია… ჩვენ მივხედავთ ჩვენ საქმეს და ის მე-13 პუნქტიც შესრულდება, ოღონდ, ჩვენი – ამ ხელისუფლების კეთილი ნებიდან გამომდინარე შესრულდება მას შემდეგ, რაც კანდიდატობის სტატუსს მივიღებთ. ოღონდ, არა ერთ კვირაში, როგორც ჩვენი კეთილისმსურველები გვეუბნებიან, ამას განხილვები სჭირდება, ეს არ არის ნინიას ბაღი, ეს არის საქართველოს პარლამენტი, ეს ყველამ უნდა იცოდეს, აქ მუშაობენ ადამიანები, მათ შორის ოპოზიციასთან. ამას სჭირდება დაახლოებით ერთთვიანი პროცესი, მივიღებთ კანდიდატობას, დავუბრუნდებით ამ პროცესს და იქნება შესაბამისი ბუნებრივი ბარიერი შემდეგი არჩევნებისთვის, დამშვიდდეს ყველა”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
შეგახსენებთ, ჩეხეთის ელჩმა “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა:
“მმართველმა პარტიამ – “ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ძალიან სწრაფად შეუძლია კანონების მიღება. ეს გასული წლის დეკემბერში ვნახეთ. ასე რომ, მე მჯერა, თუ იქნება ყველა პოლიტიკური ძალის კონსენსუსი, დარწმუნებული ვარ, ეს შეიძლება მიღწეულ იქნას. დიდი ხანია განიხილება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უკვე მაგიდაზეა. მას კენჭი უკვე პირველი მოსმენით ეყარა. ასე რომ, შეიძლება ერთი კვირა დასჭირდეს და ეს პირობა უკვე შესრულდება”.