იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კორონავირუსის მეოთხე დოზით აცრის მინიმალური ასაკი, შესაძლოა, შემცირდეს.
„იმუნიზაციის საბჭოს ბოლო სხდომაზე განხილული იყო ეს საკითხი და ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შემცირდეს ეს ასაკი და 18 წლის ზემოთ ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩაიტაროს ვაქცინაციის მეოთხე დოზა. ვფიქრობთ, რომ მომდევნო კვირას ეს გადაწყვეტილება შეიძლება საკოორდინაციო საბჭომ მიიღოს.
ინფექციის ასეთი მატების პერიოდში ამ ასაკის შემცირება მნიშვნელოვანია და 18 წლის ზემოთ მოსახლეობისთვის ამ შესაძლებლობის მიცემა არის ნამდვილად სწორი ნაბიჯი. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ჩვენ კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა იანვარ-თებერვალში გვქონდა, ამ პერიოდიდან 5-6 თვეა უკვე გასული, ასე რომ ყველა იმ ადამიანის იმუნიტეტი, რომლებმაც წლის დასაწყისში კოვიდი გადაიტანეს, აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ რეინფიცირებისგან დაცულები იყვნენ“, – განაცხადა ჩხაიძემ „ფორმულასთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, ამჟამად კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება 55 წელს ზემოთ ადამიანებისთვისაა შესაძლებელი.