ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ე.წ. დევეპე შუბლში დაეცა, ავეჯის კომპანიაში მუშაობდა – მეგობრები გარდაცვლილ აქტივისტზე ყვებიან

ტრაგიკულად დაღუპული სამოქალაქო აქტივისტის, გივი კუბლაშვილის მეგობრები მომხდარის დეტალებს ყვებიან. საბედისწერო შემ­თხვე­ვა გუშინ, და­ახ­ლო­ე­ბით 2-დან 3 სა­ა­თამ­დე შუ­ა­ლედ­ში მოხ­და, როდესაც კუბლაშვილი სამსახურში იმყოფებოდა. ის ავე­ჯის და­მამ­ზა­დე­ბელ ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში მთა­ვა­რი მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და.

“ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი იყო, არ ევალებოდა, მაგრამ ხელოსნებს ფიზიკურადაც ეხმარებოდა. წინა დღეებში სოციალურ ქსელში ვიდეოც დადო, 12 საათამდე ეს უნდა მოვასწროთ, რომ ჩვენი წარმოება ისევ დადგეს მწყობრშიო. როგორც გივიკოს ნათესავმა მითხრა, ტრაგედიის ამსახველი ვიდეოც არსებობს, რომელშიც ჩანს, როგორ ვარდება სიმაღლიდან რამდენიმე ცალი ე.წ დევეპე და პირდაპირ შუბლის არეში ეცემა. თავის ქალა გახლეჩილი ჰქონდა, სერიოზული დაზიანებებით შეიყვანეს და ხელოვნურ სუნთქვაზე იყო, გულს აპარატით უმუშავებდნენ. ექიმები ამბობდნენ, ერთი პროცენტიც არ არის გადარჩენის იმედიო, მაგრამ მაინც ვებღაუჭებოდით იმ 1 პროცენტს. ისიც გვითხრეს, თუ 24 საათი გაუძლო, მერე გეტყვით რას მოვიმოქმედებთო. დღეს პირველ საათზე იწურებოდა ეს დრო, სამწუხაროდ, 10 საათზე გარდაიცვალა”, – ყვება “კვირის პალიტრასთან” გივი კუბლაშილის მეგობარი, კახა კვეკვესკირი.

გივი კუბლაშვილის კიდევ ერთი მეგობარი, ჯანო ჟვანია კი ამბობს:

“პირველად ერთმანეთს აქციაზე შევხვდით. ზოგადად ძალიან მხიარული და პოზიტიური ადამიანი იყო. არ არსებობდა რამე დაგჭირვებოდა და უარი ეთქვა. თუ შეეძლო, სიამოვნებდა ხალხის დახმარება, ხალხთან ურთიერთობა, უყვარდა ადამიანები. მახსოვს, ერთხელ გივისთან ვთქვი, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, ხალხს არ ადარდებს ერთმანეთის გაჭირვება- მეთქი და ამის შემდეგ მისგან მოვისმინე საკმაოდ დიდი ლექცია იმაზე, რომ ჩვენ მაინც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთმანეთისთვის და მერე სხვაც გვერდში დაგვიდგებაო. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ გივი კუბლაშვილი იყო ბიჭი, რომელსაც შეხედავდი და პოზიტივს ასხივებდა. საუკეთესო მამა და საუკეთესო მეუღლე იყო. ჯერ კიდევ შოკში ვარ, ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი ნათელი გულის ბიჭი გამოგვეცალა ხელიდან. ასე უცებ, ასე მოკლე დროში წავიდა ჩვენგან და გულგატეხილი დაგვტოვა უამრავი მეგობარი”.

ამავე თემაზე: (ვიდეო)ტრაგიკულად დაღუპული გივი კუბლაშვილის უკანასკნელი კადრები

იტვირთბა....