რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ “დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე რუსეთი მარტო და იზოლირებული დარჩა.
როგორც ზახაროვა ამბობს, ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის იზოლირებასთან დაკავშირებით ზღაპრებს თხზავს.
“ბატონო ბლინკენ, ეს თქვენ ჩაიგდეთ საკუთარი თავი თვითიზოლაციაში ფორუმის რამდენიმე ღონისძიების გამოტოვებით. ახლა კი, საკუთარი წარუმატებლობის გასამართლებლად ზღაპრებს თხზავთ. გვითხრეს, როგორ სთხოვთ ყველას რუსეთის “იზოლირებას“ და ყველანი, ვისაც ამას სთხოვთ, თქვენს ზურგს უკან იცინიან, რადგან იციან, რომ დღევანდელი ადმინისტრაცია განწირულია სამარცხვინო დასასრულისთვის“, – აცხადებს ზახაროვა.