გორში სავაჭროდ გასულ ათობით ადამიანს დღეს ტერიტორია სრულად გასუფთავებული დახვდათ. გარემოვაჭრეებს დახლები მერიამ დაუშალა, რასაც ხმაური და პროტესტი მოჰყვა.
“რა ვაჭამო ბავშვს ახლა, დახოცეთ, რომ მოკვდეს ხალხი… სადაც გინდათ იქ წადით, მშიერი ხარ და უფრო მშიერი დარჩიო. აი ამ მახინჯი ხელითა მე ნასკსა ვყიდი, ვის უხარია ქუჩაში ასე რო ვყრივართ მზეზე, ქარში, ყინვაში, აგერ წავიქეცი ამ ყინვაში, ფეხი მოვიტეხე, ექიმთან დრემდე ვერ მივედი” – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე tvპირველთან.
მოვაჭრეებმა გაფრთხილება ორი დღის წინ მიიღეს და მერიამ მათ ალტერნატიული ფართიც შესთავაზა, თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, იმ ტერიტორიაზე მომხმარებელი არ დადის და გადასვლასაც აზრი არ აქვს.
დახლების დაშლის პროცესში გუშინ გვიან ღამით სამართალდამცავები და მერიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.