ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ პარლამენტში ერთი ნორმალური ინსტრუმენტი გვეღირსოს – ბლიც-ინტერვიუ ელისო ბოლქვაძესთან

რა წიგნი წაიკითხა ბოლოს, გაუსინჯავს თუ არა მარიხუანა, ვინ არის ყველაზე სიმპატიური კაცი პოლიტიკოსი, არის თუ არა ქვეყანაში გაჭირვება და ა.შ. – “მეტრონომი” “ქართული ოცნების” დეპუტატთან ელისო ბოლქვაძესთან ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ.

ბოლოს რა წიგნი წაიკითხეთ?

ბოლოს წავიკითხე მოცარტის ცხოვრებაზე ერთ-ერთი წიგნი და ძალიან მომეწონა;

თქვენი საყვარელი მომღერალი?

ბევრი მყავს ძალიან. საერთოდ ედიტ პიაფი ძალიან მომწონს. ცოტა ძველმოდური ვარ, მაგრამ ასეა;

რომელ სპექტაკლში ან კინოფილმში მიიღებდით მონაწილეობას?

გააჩნია რომელს შემომთავაზებდნენ. კინოფილმში მქონდა იდეა… ყოველთვის მინდოდა ბავშვობაში ფილმში გადაღება. ჩვენს საყვყარელ ქალბატონ ქეთი დოლიძეს ვეუბნებოდი, რომ ფილმი გააკეთე და სადმე ვითამაშებ-თქო. საფრანგეთში როდესაც ვცხოვრობდი, ლე რუშმა შემომთავაზა, უბრალოდ, არ მქონდა დრო. მართალია, ეპიზოდური როლი იყო, მაგრამ ბევრი მუშაობა ჭირდებოდა. პიანისტის პასაჟი იყო;

რისი გეშინიათ ცხოვრებაში ყველაზე მეტად?

ყველას აქვს სიკვდილის შიში, ალბათ, მე გამონაკლი არ ვიქნები. ომის მეშინია, ისეთი ადამიანისგან რომ არ ელოდები, ღალატის – ამის მეშინია-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ, ალბათ, ყველა ადამიანს აწუხებს;

რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

ბევრი რამ. პირველ რიგში, არაპროფესიონალიზმი, უპასუხისმგებლობა;

მარიხუანა ან სხვა ნარკოტიკული საშუალება თუ გაგისინჯავთ?

არასოდეს, სურვილიც არ გამჩენია;

არის თუ არა ქვეყანაში გაჭირვება?

ზოგადად, ქვეყანაში გაჭირვებაა. ბევრი გაჭრვებული ადამიანია, რა თქმა უნდა არის;

გუშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბარიერი იქნება დაწეული 2%-მდე თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. არის თუ არა ეს ევროკავშირთან ვაჭრობა?

ეს არ არის ვაჭრობა, ეს არის ძალიან კარგი პირობა;

რომელი წიგნის პერსონაჟი იქნებოდით?

ალბათ, უფრო დოსტოევსკის რიგებიდან;

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე სიმპატიური მამაკაცი…

ბევრი, სხვათა შორის. ყველა ვინც “ქართულ ოცნებაშია”;

დღევანდელ ახალგაზრდებს აქვთ თუ არა საშუალება მიიღონ შესაბამისი განათლება და არის თუ არა მათთვის ამ ყველაფრისთვის ადეკვატური გარემო შექმნილი?

გარემოს ქმნის ადამიანი. ესე ცალკე გარემო წარმოუდგენლად მიმაჩნია. ადამიანი ყოველთვის ქმნის თავის ბედს, ადამიანი დაბადებულია ბრძოლისთვის, საქართველო არაა განსაკუთრებული. რა თქმა უნდა, უფრო ძნელია, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მონდომებული ადამიანი ყოველთვის აღწევს თავისას. ის, რომ გარემოს დაველოდოთ და როგორი გარემო იქნება და მაშინ ვისწავლოთ, საერთოდ არ განვიხილავ ამ თემას და ჩემთვის მიუღებელია;

პარლამენტში თავიდან რომ შემობრძანდით გქონდათ იდეა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ფორტეპიანო დაგედგათ….

ისევ იმ აზრზე ვარ. რაც უფრო ბევრი ვიარე პარლამენტებში, მივხვდი, რომ კარგად დამისვამს ეს საკითხი, ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ერთი ნორმალური ინსტრუმენტი გვეღირსოს აქაც და ღია და დემოკრატიული პარლამენტის ფარგლებში, ძალიან კარგი, სასიამოვნო დემოკრატიული საღამოები და დღისით კონცერტები ჩაგვეტარებინოს. ვინც გამაკრიტიკა, იმას კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ სადაც მუსიკა და ხელოვნებაა, იქ პოლიტიკაც მეტად კრეატიულია;

 

იტვირთბა....