უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი მეომრების შტურმი ოთხი მიმართულებით მოიგერიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, მტრის შეტევები მოგერიებულია ხარკოვის ოლქში კაზაჩია – ლოპანისა და სოსნოვკას, ლუგანსკის ოლქში მირონოვკას, დონეცკის ოლქში გოლმოვსკი – ნოვოლუგანკის და ასევე, დოლგენკოე – მაზანოვკას მიმართულებებზე.
“სლავიანკის მიმართულებით მოწინააღმდეგე ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და იზიუმი-სლავიანსკის მიმართულებებზე შეტევის განხორციელების პირობების შექმნას ცდილობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, გენშტაბის ცნობით, კრამატორსკის მიმართულებით ოკუპანტები ვერხნეკამენსკოეს და გრიგორევკას დასახლებული პუნქტების დაპყრობას ცდილობენ.
გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ უკრაინის დამცველებმა თითქმის სრულად გაანადგურეს მტრის დივერსიული-სადაზვერვო ჯგუფი და წარმატებით მოიგერიეს შტურმი დობრიანკის რაიონში.
“ჩვენმა მეომრებმა დობრიანკის რაიონში თითქმის სრულად გაანადგურეს მოწინააღმდეგის დივერსიული-სადაზვევრო ჯგუფი და წარმატებით უკუაგდეს შტურმი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.