მესაზღვრე პაველ პიკოვეცი, რომელიც რუსებმა “აზოვსტალის” ქარხნიდან ტყვედ აიყვანეს, შემდეგ კი უკრაინელებმა გაათავისუფლეს, იხსენებს, როგორ ექცეოდნენ რუსი ოკუპანტები მას და მის თანამებრძოლებს.
“მინდა, ყველაფერი სიზმარივით დავივიწყო. ვერ ვიტყვი, რომ იქ რაიმე ხერხით გვაწამებდნენ. ჩვენ, მათ, ვინც “აზოვსტალიდან” ვიყავით, რაღაც გამორჩეულად გვექცეოდნენ… ან ჩვენდამი პატივისცემა ჰქონდათ, ან ეშინოდათ, ან რაიმე სხვა იყო, არ ვიცი. მაგრამ ისე გვიყურებდნენ, როგორც მეომრებს”, – ამბობს პიკოვეცი უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებულ მცირე ინტერვიუში.
როგორც გამოცემა UNIAN წერს, პაველ პიკოვეცი 15 აპრილს დაიჭრა, რის შემდეგაც, ის მარიუპოლის ქარხნის თავშესაფარში მოწყობილ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. იქ მედიკოსებმა ჭრილობიდან ნამსხვრევები ამოუღეს და გიფსი დაადეს. პიკოვეცი ჰოსპიტალის ტერიტორიაზე 17 მაისამდე, ტერიტორიიდან გამოსვლის დღემდე რჩებოდა.