სოფელ კაბალში დაძაბული ვითარებაა – ადგილობრივები 68 წლის მოხუცის წამებაში ბრალდებულების ოჯახების გასახლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულების სახლის დაწვით იმუქრებიან.
tvპირველის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სოფელში ფაქტის შესახებ შეიტყვეს, ერთ-ერთი მათგანი უკვე დაკავებული იყო. დანაშაულის კიდევ ერთი მონაწილე კი თანასოფლელებმა სახლიდან გაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“არ ვაპატიებთ ასეთ რამეს. კარგა ხანია, ამ მხარეში ასეთი რამ არ მომხდარა. ყველა გაოგნებულები ვართ“. – ამბობს სოფელ კირბალის მკვიდრი.
არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულების ოჯახის წევრებმა უკვე დატოვეს სოფელი.
შეგახსენებთ, კახეთში თანხის გამოძალვის მოტივით 68 წლის კაცი თანასოფლელებმა ტყეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს, სცემეს, დააჩოქეს და უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს. ბრალდბულებმა მსხვერპლს დამამცირებელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები გადაუღეს და სოციალურ ქსელში თავად გაავრცელეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად), 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “დ” მუხლებით (ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გამოძალვა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144 მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე” და “ვ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.