საგარეო საქმეთა მინისტრო საფრანგეთში საქართველოს ელჩის თეა კატუკიას მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ცილისმწამებლურს უწოდებს ბრალდებებს სამინისტროს მხრიდან “მუდმივ რეჟიმში განხორციელებულ ზეწოლასთან” დაკავშირებით.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, თეა კატუკიამ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ამის გამო, განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში, რის შემდეგაც, თანამდებობა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე დატოვა.
თეა კატუკიას არაკომპეტენტურს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი. მისი თქმით, ის სამინისტროში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით მოხვდა.
“რასაკვირველია, აქ კომპეტენციის თემაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოფილი ელჩი ცუდი ადამიანია, მაგრამ ფაქტია, რომ არაკომპეტენტურია და მოიყვანა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გარედან, სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით. როგორც ვიცი, თავად სალომეც საუბარში აღიარებდა, რომ მისი კომპეტენცია მნიშვნელოვნად სცილდება იმ დონეს, რაც ელჩს უნდა გააჩნდეს”, – აცხადებს ვოლსკი.
ცნობისთვის, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა თეა კატუკიამ თანამდებობის დატოვების მიზეზად უწყების მხრიდან ზეწოლა, შეურაცხყოფა, ცილისწამება და შევიწროება დაასახელა.
“გადადგომის თაობაზე ჩემს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან ჩემზე მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა. პირველივე დღიდან გავხდი საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფუნქციის შესრულება მომიწევდა მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში, რაც სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური და კლიენტისტური პრაქტიკიდან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ვიცავ და იმ მიზნებსა და მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მიმართ გამაჩნია”, – აღნიშნულია მის განცხადებაში.