უნდა ისჯებოდნენ თუ არა პორნოგრაფიის გამავრცელებლები, ვის იხილავდა “გირჩის” რიგებში, რას ეტყოდა ზურაბ ჯაფარიძეს – “მეტრონომი” “გირჩის” ლიდერ ვახტანგ მეგრელიშვილთან ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:
ბოლოს რა წიგნი წაიკითხეთ?
ბოლოს წავიკითხე ბრედბედერის “451º ფარენჰაიტით”;
რა მუსიკას უსმენთ?
ხშირად ვუსმენ ერიკ სატიეს;
რომელ ადამიანს იხილავდით “გირჩის” რიგებში?
მასეთი ბევრია, მთავარია იმ ადამიანს უნდოდეს პოლიტიკაში ყოფნა. ძნელად ვიხსენებ. კახა ბენდუქიძეს ვიხსენებდი ცოცხალი რომ იყოს, სხვა არ მახსენდება;
რისი გეშინიათ ცხოვრებაში ყველაზე მეტად?
შეცდომების დაშვების;
უნდა იყოს თუ არა ქვეყანაში აბორტის უფლება დაკანონებული?
აბორტი უფლება დღეს კანონიერია და მე ვეთანხმები ამას. აკრძალვას არ ვეთანხმები;
ბოლოს როდის მოწიეთ მარიხუანა?
დილას, მარტომ მოვწიე;
რომელ ცნობილ ადამიანთან მოწევდით მარიხუანას?
სნუპისთან ერთად მოვწევდი;
რას ეტყოდით ზურაბ ჯაფარიძეს?
შაბათს ვეტყვი მართლა. არასწორად მოიქცა და მაგას ვეტყვი და ახლაც არასწორად იქცევა;
დაახასიათეთ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობა ორი სიტყვით…
ანეგდოტით დავახასიათებ. ასეთი ანეგდოტი იყო საბჭოთა კავშირში. მატარებლით მიდის პოლიტბიურო და ეს მატარებელი გაჩერდება. ლენინი გადმოვა, შაბათობას მოაწყობს, რაღაცას “იჩალიჩებენ” ლიანდაგებს გაასწორებენ და წავლენ. მერე კიდევ გაჩერდება, სტალინი გადმოვა და იტყვის – დაგხოცავთ თუ ამას არ გააკეთებთო, გააკეთებენ და წავლენ. მერე ბრეჟნევის დროს გაჩერდება მატარებელი. ბრეჟნევი იტყვის, მოდი ფარდები ჩამოვაფაროთო, ვიღაცა მატარებელს მიაწვესო ისე, რომ შეგრძნება გვქონდეს ვითომ მივდივართო, რა და კარგად ვართო. მესამე ვერსიას მივამსგავსებდი ღარიბაშვილის პრემიერობას;
დაცულია თუ არა ლგბტქი+ თემის უფლებები საქართველოში?
ლგბტქი+ თემს, რომ უფლებები აქვს, როგორც მეკითხებით, მე მაგას არ ვაღიარებ. ეგეთი უფლებები ბუნებაში არ არსებობს. შესაბამისად, ამ უფლებების დაცულობა არდაცულობა არ შემიძლია შევაფასო. მხოლოდ ადამიანის უფლება არსებობს, რომელიც დაცული უნდა იყოს ძალადობისგან.ეს ნებისმიერ ადამიანს ეხება. ასე რომ არ ვუდგებით სიტუაციას, მერე სპეციფიკურ ჯგუფებს გამოვყოფთ და ვამბობთ, რომ ამათი უფლებები არაა დაცული. სინამდვილეში ადამიანის უფლებები არაა ქვეყანაში დაცული, ლგბტქი+ უფლებები ქვეყანაში არ არსებობს;
უნდა ისჯებოდნენ თუ არა პორნოგრაფიის გამავრცელებლები?
რა თქმა უნდა, არა;
რომელი ფილმის პერსონაჟი იქნებოდით?
წიგნის რომ გითხრათ? წიგნის ვიქნებოდი რიარ დენი “ატლანტმა მხრები გაშალა”. ეგეთი ტიპი წარმომედგინა ჩემი თავი;
რას ეტყოდით ბიძინა ივანიშვილს?
კაი, რააა – ასე ვეტყოდი;
2019 წელს თქვით თქვენ, რომ “ბავშვების გაყიდვა ბავშვებისთვის ძალიან სწორია” – კვლავ ამ აზრზე ხართ?
აბსოლუტურად გამყარებული ვარ მაგ აზრში;