“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის “ქართული ოცნებიდან” გასვლას “მეტრონომთან” საუბარში გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს დეპუტატები ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მოქმედებენ ევროკავშირის რეკომენდაციების ჩასაშლელად და პოლიტკორექტულობის ვალდებულებისგან გათავისუფელბის შემდეგ, მათგან უფრო მეტად “ანტიდასავლურ, ანტიუკრაინულ და “პრობიძინურ” რიტორიკას უნდა ველოდოთ.
“ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ სერიოზულად მოფიქრებული სქემა. ესენი არიან ევროკავშირის რეკომენდაციების ჩასაშლელად შექმნილები. რეკომედაციებში შედის შარლ მიშელის შეთანხმების მოთხოვნები, პირველი მოსმენით უკვე არის მიღებული კონსტიტუციის პროექტი, სადაც დაბალი ბარიერი უნდა იყოს და ნებისმიერი, მათ შორის რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარედეს პროპორციული სისტემით. ვიცით, რომ ამ სისტემის მოწინააღმდეგეები მაშინაც იყვნენ ყაველაშვილი და ხუნდაძე. ისინი დღესაც მოინდომებენ ამ კონსტიტუციის არგატანას. შემდეგ, “ქართული ოცნება” იტყვის – რა ვქნათ, ჩვენ ხმები არ გვეყო ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლადო და ამათ გადააბრალებს. მათ [“ქართული ოცნებიდან”] აუცილებლად დაემატება ხალხი და ესენი სამომავლოდ იქნებიან გამოყენებული იმის მიხედვით, თუ რა პოლიტიკური სიტუაცია იქნება ქვეყანაში და რა სცენარით განვითარება აწყობთ მათ”, – აცხადებს რომან გოცირიძე.
მანამდე, გოცირიძემ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა და სუბარის, ხუნდაძისა და ყაველაშვილის გაერთიანებას “საპარლამენტო ალტ-ინფო” უწოდა.
“ქორები გამოეყვნენ ყვავებს. პარლამენტში ფარდისამხდელთა ჯგუფი შეიქმნა. მათი პირით იღაღადებს ბიძინა. გადაწყვიტეს, ჩამოიხსნან პოლიტკორექტულობის ვალდებულება და უფრო თამამად შეუბერონ. პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის უფრო მაღალი ხმები და ბიძინა ივანიშვილის უფრო აგრესიული დამცველები მოგვევლინნენ. შეიძლება, მათ საპარლამენტო ალტინფოც ვუწოდოთ”, – დაწერა გოცირიძემ Facebook-ზე.