ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, ახლა ლისიჩანსკში არსებული სიტაუცია იმ ვითარებას ჰგავს, რომელიც სევეროდონეცკში დაახლოებით ერთი თვის წინ იყო. გაიდაის თქმით, რუსი სამხედროები აგრძელებენ შეტევას და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევას ცდილობენ.
“ლისიჩანსკში არსებული სიტუაცია მახსენებს იმას, რაც სევეროდონეცკში დაახლოებით ერთი თვის წინ, ქალაქზე შტურმის დაწყებამდე ხდებოდა, როდესაც ისინი ყველა სახლს მიადგნენ. გუშინ, მტერი ლუგანსკის და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვარზე, ვერხნეკამენკის სიახლოვეს გადავიდა შეტევაზე, თუმცა, იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ”, – წერს გაიდაი Telegram-ზე.